უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2025 14:14
font-size

მივიღეთ გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში - „ქართული ოცნება“

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „გამოიყენებენ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო“.

„დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა. ცხადია, „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი.

უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში. გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები, გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან“. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად, დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დაუდასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მაუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა, ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა – სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია, შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება, პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით, ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე. სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი, მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. ამ მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა ეს უფრო ჰგავდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის კოჭის გაგორებას, ვიდრე შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღებას. BBC-ს რომ ბინძური დაკვეთების შესრულებასა და სიცრუის გავრცელებაზე არანაირი მორალური თუ პროფესიული დაბრკოლება არ აქვს – ეს დღეს გამოქვეყნებული სტატიიდანაც კარგად ჩანს, ხოლო მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული, ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად „დიპ სტეიტის“ მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა.

იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული „ჟურნალისტური გამოძიება“ ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას – მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო. აქვე სრულად გთავაზობთ სტატიის გამოქვეყნებამდე, BBC-ის მიერ მოწოდებულ კითხვებს და ჩვენ მიერ გაგზავნილ პასუხებს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების განცხადებაში.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი