სამართალი
ვისაც არ უნდა განეხილა, ყველა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა - მოსამართლე გიორგი არევაძე გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე
„ვფიქრობ, რომ მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას, ვინაიდან ყოველი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, ფიქრობს მასზე და საბოლოო ჯამში იღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს“,- ასე უპასუხა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
მოსამართლე გიორგი არევაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გაიარა, რომელსაც ინსტანციის შეცვლა სურს. გასაუბრების დროს იუსტიციის საბჭოს წევრებმა არევაძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზეც დაუსვეს დამატებითი კითხვა, რომლის მიხედვით, გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ სხდომაზე განმარტა, რომ მოსამართლეს არავინ არ სთხოვს ახსნა-განმარტებას მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა აუცილებელია ბალანსის დაცვით კითხვას პასუხი გაეცეს, ვინაიდან „საკითხს მიყრუება არ უშველის".
„თქვენც იცით, რომ კონკრეტული საქმიდან კითხვას ვერავინ ვერ დაგისვამთ, რატომ მოიქეცით ასე და ან ისე. ეს შეკითხვა ამგვარად არ უნდა იყოს აღქმული. უბრალოდ, თქვენც კარგად იცით, რა ფონი გასდევს ამ პროცესებს, რომელსაც სისტემაში ვახორციელებთ. კერძოდ, კონკურსებს, გადანიშვნებს და მუდმივად არის ხოლმე ასეთი შენიშვნა ამ თუ იმ საზოგადიების წარმომადგენლების მხრიდან, რომ გახმაურებულ საქმეებზე კითხვებს არ უსვამენ მოსამართლეს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. მოდი, ასე ვთქვათ, ჩვენც და გამომსვლელებმაც, რომ ამ კითხვაზე ისე გავცეთ პასუხი, რომ ერთი მხრივ, არ დაირღვეს ის პრინციპი, რომ მოსამართლეს არავინ არ შეიძლება მოსთხოვოს ანგარიში და ის იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, მეორე მხრივ, გარკვეულწილად რაღაც ანგარიშვალდებულების მექანიზმი შევქმნათ, რომ ეს კითხვა და ეს განცდა საზოგადოებიდან არ მოდიოდეს. ამაზეა საუბარი, გნებავთ, ოქროს შუალედი დაარქვით, გნებავთ ბალანსი. ჩვენ გვაქვს ასეთი დაკვეთა და ვფიქრობ, ამ საკითხს მიყრუება არ უშველის. პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავცეთ პასუხი. რა შეგიძლიათ გვითხრათ, ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე, რა ფარგლებშიც შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი პოზიცია იმ ფარგლებში გვესაუბრეთ და არა კონკრეტულად გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე", - განაცხადა მიქაუტაძემ.
თავის მხრივ მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომაზე განმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებები რის შესაძლებლობასაც იძლეოდა, ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„ყველა ეტაპზე, როდესაც ეს საქმე არ უნდა განიხილო და ვისაც არ უნდა განეხილა (თუ არ ვცდები, აპელაციამ განიხილა და ძალაში დატოვა), მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. დამატებით მინდა ვთქვა, რომ თუ ინტერესი არსებობს საზოგადოების, რაღაცა ფორმით ჩვენ უნდა მივეხმაროთ, ანუ იმ კუთხით, რომ მარტივი და პოპულარული ენით ავუხსნათ ყველა კონკრეტულ საქმეზე, თუ რა მტკიცებულებები იყო, რას ედავებოდა ბრალდება კონკრეტულ პირს და რა შედეგი დადგა. სხვა შემთხვევაში, თუ ეს ასე არ ხდება, ათასნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება. დასანანია ხშირ შემთხვევაში ისიც, რომ განმარტებებსა და კომენტარს აკეთებს ყველა, როდესაც არ აქვთ წაკითხული თავად გადაწყვეტილება. ვფიქრობ, გადაწყვეტილების წაკითხვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს. ჩემს შემთხვევაშიც მიმაჩნია, რომ მე შევეცადე განაჩენში გადმომეცა ყველა ის მიზეზი, თუ რატომ იყო ის, რაც იყო შედეგის სახით დამდგარი“, - განაცხადა არევაძემ.
მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადი კონკურსში რამდენიმე ვაკანსიაზე შეიტანა. მათ შორის, მას საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში სურს გადასვლა. იქიდან გამომდინარე, რომ მას უფლებამოსილების 10- წლიანი ვადა ეწურება, კონკურსში დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, ის უვადო მოსამართლე გახდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


