სამართალი
ვალერი გელაშვილის ცემის შემდეგ ოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელებს 500 დოლარი გადასცეს - მოწმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ერთ-ერთი სპეცრაზმელის, მამუკა ცინარიძის ჩვენება გამოაქვეყნა, სადაც ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ეპიზოდია აღწერილი.
„ვმსახურობდი სპეცრაზმში. ერთ დღეს ბაზაზე დაგვიბარეს, შემდეგ წაგვიყვანეს ორი „ოპელით“ მოდულის შენობაში. ალექსანდრე ნაჭყებია შევიდა მოდულში. გამოვიდა ორ საათში და გვითხრა, რომ ობიექტი იყო მამაკაცი, რომელიც ქალაქში დაცვით დადიოდა, მას ჰქონდა საბუთები და ის უნდა წაგვერთმია, მამაკაცი დადიოდა იარაღით. დავდიოდით ქალაქის ცენტრში საღამოს 18:00 საათამდე, იყო ე.წ. ატბოი და ვინაიდან მამაკაცი გადაადგილდებოდა ჯავშნიანი მანქანით, ღონისძიება გადაიდო. მეორე დღეს დაგვავალეს, რომ ღონისძიება გრძელდებოდა. ჩვენ ვიყავით სამოქალაქო ტანსაცმელში, ვმოძრაობდით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რაციაზე გადაგვცეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან უნდა შემოგვეხვია, მერე კიდე გადმოგვცეს რადიოთი და მივუახლოვდით სამტრედიის ქუჩას. მერე რაციაზე გვითხრეს, რომ ვერცხლისფერი „ემ-ელ“-ით მიდიოდა ობიექტი, წინ იჯდა მძღოლი და დაცვა, შუქნიშანთან „ემ-ელი“ გაჩერდა, ერთი მანქანა წინ დაუდგა და მეორე უკან, გადმოვედით, გვეკეთა ნიღბები, მხრებზე ავტომატები და ხელში გლოკი გვეჭირა, გადმოვაგდეთ დაცვა და მძღოლი მანქანაში, მეორე ჯგუფმა გადმოათრია მძღოლი და ობიექტი. მერე გაირკვა, რომ ვალერი გელაშვილი იყო ეს, ის წინააღმდეგობას გვიწევდა და დაუწყეს მას ცემა. მას სცემდნენ გზაზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე, წავიღეთ მისი ჩანთა და ეს ჩანთა შეიტანეს მოდულის შენობაში“, – ნათქვამია სპეცრაზმელის ჩვენებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელებს 500 დოლარი გადასცეს.
„მერე ჩვენ შევედით მოდულის შენობაში, ოთახში დაგვხვდა ერეკლე კოდუა და რამდენიმე პირი, მაგიდაზე იდო რამდენიმე შეკვრა აშშ დოლარი. მან მადლობა გადაგვიხადა და გადმოგვცა თემა, შეგვხვდა 500 $. ოპერაციის ჩატარებისას ვალერი გელაშვილს, მძღოლს და დაცვას მივაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა, არ გამოგვიყენებია იარაღი. ჩვენი დანაყოფი გადაადგილდებოდა ორი მსუბუქი ავტომობილით. ოპერაციას ალექსანდრე ნაჭყებია ხელმძღვანელობდა. რადგან ერეკლე კოდუა შეგხვდა და თანხა გადმოგვცა, ჩემი ვარაუდია, რომ ნაჭყებიას დავალებას ერეკლე კოდუა აძლევდა. ჩვენ გვეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი და ვერავინ მიხვდებოდა, რომ ჩვენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ვიყავით. მსგავსი სახის ოპერაცია ჩვენ არასდროს ჩაგვიტარებია. ჩანთის გარდა, სხვა ნივთები ადგილიდან არ წამოგვიღია. მე არ ვიცი, როგორ მოხდა დავალებაზე მყოფი ხალხის არჩევა. მობილურ ტელეფონებს არ ვიყენებდით, ვიყენებდით მხოლოდ რაციას. ჩემი ვარაუდით, ჩვენი მანქანის მძღოლი იყო შსს-ს თანამშრომელი, რადგან მანქანას მართავდა კარგად და იყო ოპერაციის მონაწილე“, – აღნიშნულია სპეცრაზმელის ჩვენებაში.
როგორც ბრალდების მხარემ განმარტა, აღნიშნული სპეცრაზმელი საზღვარგარეთ იმყოფება და სწორედ ამ მიზეზით წარმოადგინა ბრალდებამ სასამართლოზე სპეცრაზმელის მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 17 აპრილს, 13:00 საათზე განახლდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


