სამართალი
ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება
ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის განახლდა.
პროცესზე დასკვნითი სიტყვა ბრალდებულმა, გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ და მისმა ადვოკატმა მამუკა გვარამიამ წარმოთქვეს.
ლაცაბიძემ ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას აღნიშნა, რომ არცერთი მოწმის ჩვენებით მისი ბრალეულობა არ დასტურდება.
კერძოდ, ბრალდებულის თქმით, მის მიმართ წარდგენილი ბრალი სასამართლო სხდომებზე პროკურატურის მიერ გამყარებულია მხოლოდ ორი მოწმის - ,,ომეგა ჯუფის" წარმომადგენელ ლევან აღდგომელაშვილისა და გამომძიებელ ბაკურ ჩიქოვანის ჩვენებებით.
ლაცაბიძის თქმით, აღდგომელაშვილის ჩვენება სასამართლომ არ უნდა მიიჩნიოს სანდოდ, ვინაიდან აღნიშნული მოწმე ,,ომეგა ჯგუფს" წარმოადგენდა 2004 წელსაც, ამჟამადაც და აქვს საქმისადმი პირადი დაინტერესება.
ბრალდებულმა აღდგომელაშვილის ჩვენება სიცრუედ შეაფასა იმის გამოც, რომ მისი თქმით, პროკურატურის მიერ არანაირი დოკუმენტაციით არ დასტურდება ამ მოწმის გენერალურ პროკურატურაში შესვლა-გამოსვლის ფაქტები და არც ის თარიღია დაკონკრეტებული, როდესაც თითქოსდა შედგა აღდგომელაშვილისა და ლაცაბიძის შეხვედრა.
საუბარია, ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, ლევან აღდგომელაშვილის ჩვენებაზე, რომელშიც მან 2004 წლის შემოდგომაზე გენერალურ პროკურატურაში იმჟამინდელ გენერალური პროკურორის მოადგილესთან, გიორგი ლაცაბიძესთან შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ ამ უკანასკნელმა ,,ომეგა ჯგუფის" საწარმოების ამუშავებისა და საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, იბერია ტვ-ის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის ულტიმატუმი წამოაყენა.
ლაცაბიძემ აღდგომელაშვილთან შეხვედრის ფაქტი და შესაბამისად, რაიმე სახის ზეწოლა ,,ომეგა ჯგუფის" მიმართ კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრის შემთხვევაში აღდგომელაშილს კარგად ემახსოვრებოდა თარიღიც და ჩვენების მიცემისას ,,სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერზე არ დაიწყებდა საუბარს."
რაც შეეხება მოწმე, ბაკურ ჩიქოვანს, ბრალდებულის თქმით, აღნიშნულმა მოწმემ ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა გამოძიებას. პირველ ჩვენებაში ჩიქოვანმა გენერალურ პროკურატურაში გამართული შეხვედრის მონაწილეებად დაასახელა გიორგი ლაცაბიძე, ლევან აღდგომელაშვილი, ,,ომეგა ჯგუფის" იურისტი სოსო ბარათაშვილი და აღნიშნა, რომ შეხვედრას თავადაც ესწრებოდა. როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, მომდევნო ჩვენებაში ბაკურ ჩიქოვანს შეხვედრის მონაწილეებს შორის აღარ დაუსახელა სოსო ბარათაშვილი.
ბრალდებულის თქმით, აღნიშნული ორი მოწმის გარდა, მისი დანაშაულში მამხილებელი ჩვენება სასამართლოს წინაშე დაკითხული 17 მოწმიდან არცერთს არ მიუცია და მოწმეთა ნაწილი მხოლოდ ირიბად, ისევ ლევან აღდგომელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით ასახელებდა გიორგი ლაცაბიძის გვარს და სახელს.
გიორგი ლაცაბიძემ და მისი ინტერესების დამცველმა, მამუკა გვარამიამ ბაკურ ჩიქოვანის და ასევე, ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, დიმიტრი ქიტოშვილის ჩვენებებზე გაამახვილეს ყურადღება. დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, თუ ხსენებულმა პირებმა იცოდნენ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ, კერძოდ, კი იმის თაობაზე, რომ ,,იბერიას" ლიცენზიის გადაფორმება იძულებით ხდებოდა და წლების მანძილზე ამ დანაშაულზე დუმდნენ, პროკურატურას მათი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაეყენებინა.
ადვოკატ მამუკა გვარამიას განცხადებით, მოწმეთა ჩვენებებით გამოიკვეთა, რომ იბერია ტვ-ის ლიცენზიის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული უნდა ყოფილიყვნენ არა ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ლაცაბიძე, არამედ - ასევე ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი.
მამუკა გვარამიამ აღნიშნა ისიც, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას ზურაბ ადეიშვილამდე იკავებდა, დიმიტრი ქიტოშვილის უახლოესი მეგობარია.
მომდევნო სასამართლო სხდომაზე, საკუთარ დასკვნით სიტყვას უკვე ზურაბ ადეიშვილის ინტერესების დამცველი წარმოთქვამს. პროცესი 15 თებერვალს, 15:00 საათისთვის ჩაინიშნა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


