სამართალი
ტელეკომპანია ,,იბერია“ იყო ობიექტურად კრიტიკული, რაც ალბათ მაშინ არ მოსწონდა ხელისუფლებას - შალვა შავგულიძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.
სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, შალვა შავგულიძე დაიკითხა, რომელიც 2004 წელს “ომეგა ჯგუფში” სპეცრაზმის შეჭრის პერიოდში კომპანიის ინტერესებს იცავდა.
შავგულიძემ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას ,,ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდი და ის პროცესები გაიხსენა, რაც წინ უძღვოდა ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში შეჭრასა და ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობას.
თემაზე საუბრისას მოწმემ მისი მეუღლის, “იბერია ტვ”-ს საინფორმაციო სამსახურის იმჟამინდელი უფროსის ჟურნალისტური საქმიანობაც და მათი ოჯახის მიმართ მუქარის ფაქტებიც გაიხსენა.
,,ახალი ხელისუფლება ნეგატიურად განეწყო ტელეარხის მიმართ. ჩემი მეუღლე - ლუბა ელიაშვილი ,,იბერიაში“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა და საავტორო გადაცემაც ჰქონდა.” იბერია ტვ “ იყო ობიექტურად კრიტიკული, რაც ალბათ მაშინ არ მოსწონდა ხელისუფლებას. სახლის ტელეფონზეც, მეუღლის პირად ტელეფონზეც იყო ზარები და მუქარები. იყო სროლაც ჩემი მეუღლის მშობლების სახლის მიმართ, რომელიც პეკინზე მდებარეობს და სადაც იმ დროს, ჩვენი ბავშვი იმყოფებოდა.
შეტევის მიზეზი იყო ალბათ ტელევიზიის ობიექტურად კრიტიკული დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. ამას მოყვა 2004 წლის თებერვალში ომეგაში შეჭრა და პარალიზება ტელევიზიის“, - აღნიშნა შავგულიძემ.
მოწმემ კომპანიაში შეჭრის ძალადობრივ ქმედებებსა და უკანონობასაც გაუსვა ხაზი და ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა ის, რომ მოხდა ტრაილერებით კომპანიის კუთვნილი, დაყადაღებული სიგარეტის გატანა და რეალიზება. ამასთან სად მიდიოდა გაყიდული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი, ადვოკატისთვის უცნობია.
როგორც შავგულიძემ აღნიშნა, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, აშკარა გახდა, რომ ამ ყველაფერს მოყვებოდა ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის დაკავება.
,,ზაზა ოქუაშვილმა გაზაფხულზე დატოვა საქართველო. წასვლამდე ამბობდა, რომ პროკურატურა გვთხოვს ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობასო. მას სურდა ამ ლიცენზიის შენარჩუნება და ამიტომ დატოვა საქართველო“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურისგან მოდიოდა მოთხოვნა ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში მუშაობის განახლებისა და დაკისრებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ მომხდარიყო “იბერია ტვ”-ის ლიცენზიის დათმობა, მისთვის ცნობილი იყო ,,ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორისგანაც.
საქმეზე ბრალდებულის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი შოთა კახიძე სასამართლო სხდომაზე მოწმისგან დაინტერესდა, თუ ვინ იყო გენერალური პროკურორი იმ პერიოდში, როდესაც ის ,,ომეგა ჯგუფის“ ინტერესებს იცავდა.
აღნიშნულის პასუხად შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ,,ომეგაში“ სპეცრაზმის შეჭრის პერიოდში გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, მისი საადვოკატო საქმიანობის ბოლოს კი, ანუ იმ დროისათვის, როცა ტელეკომპანიის ლიცენზიის დათმობაზე მიდიოდა საუბარი, აღნიშნული თანამდებობა უკვე ზურაბ ადეიშვილის ეკავა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
საქმეზე მომდევნო სხდომა 1 მარტის 13:30 საათისთვის ჩაინიშნა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


