სამართალი
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მზია ამაღლობელის სისხლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მედია პლატფორმების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას.
დოკუმენტში განხილულია ისეთი ძირეული სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა:
საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები და ზოგადი კონტექსტი, რომელიც სილის გაწვნის ეპიზოდს წინ უძღოდა და რომელიც აჩვენებს, რომ მზიას რეაქცია სავარაუდოდ პოლიციის უკანონო და თვითნებური მოქმედებების ჯაჭვით იყო განპირობებული;
სსკ-ის 353 პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) კვალიფიკაციის დამფუძნებელი გარემოებები და ამ კუთხით,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც გამორიცხავს მზიას მხრიდან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას;
სსკ-ის 353 პრიმა და 126-ე მუხლის (ძალადობა) გამიჯვნის საკითხი და 126 მუხლის გამოყენების პრობლემურობა ამ საქმეზე ;
სსკ-ის 353 პრიმა მუხლის განჭვრეტადობის პრობლემა, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით და სთხოვოს მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა;
სისხლის სამართალი, როგორც უკანასკნელი საშუალება -
,,ultima ratio ’’ პრინციპი და მოცემულ შემთხვევაში მცირე მნიშვნელობის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობა;
საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროცედურული დარღვევები. ამ კუთხით განსაკუთრებით ხაზგასასმელია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა;
მზია ამაღლობელის საქმის მედია საქმიანობაზე გავლენა და მისი "მსუსხავი ეფექტი."
საბოლოოდ ჩვენი შეფასებაა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, 353 პრიმა მუხლით ქმედებით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ელემენტები მზია ამაღლობელის ქცევაში არ იკვეთება. კერძოდ, სახეზე არ გვაქვს არც ქმედების ობიექტური (თავდასხმა - როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი) და არც სუბიექტური (პირდაპირი განზრახვა და მიზანი, რომელიც პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება) შემადგენლობა.
რაც შეეხება, სილის გაწვნის სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციას, მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს ამ დანაშაულის უმთავრესი ელემენტი, დაზარალებულის მხრიდან ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა. მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს არ შეეძლო გამოეწვია ახალგაზრდა, ფიზიკურად მასზე ძლიერი მამაკაცისათვის მსგავსი ტკივილის მიყენება.
შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედებას არ მიუღწევია ისეთი ინტენსივობისთვის, რომელიც ultima ratio პრინციპის გათვალისწინებით გაამართლებდა მისი ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას. ამის საფუძველს იძლევა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


