პოლიტიკა
საქართველოში მცხოვრები ქალები ყველაზე ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლი თურქეთში ხდებიან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა გასწია.
„საქართველო რჩება პირველ კალათაში, რადგან საქართველოს მთავრობამ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა გასწია, მსხვერპლთა იდენტიფიკაციისთვის სამართალდამცველების ინსტრუქციების დახვეწის, მსხვერპლთა მიმართ მოპყრობისა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სკრინინგის გზით. მთავრობამ საანგარიშო პერიოდში ტრეფიკინგის მეტი მსხვერპლი გამოავლინა და მათ ზრუნვის ფართო პროგრამები შესთავაზა. 2017 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გამოჰყო გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რაც 10 ქალაქში ტრეფიკინგის შესახებ ცნობადობის ამაღლების აქტივობების ორგანიზებას ემსახურებოდა“, - წერია ანგარიშში.
ავტორებმა გამოკვეთეს საქართველოში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების იდენტიფიცირების პრობლემა.
„ისევე, როგორც გასულ წლებში, შრომის ინსპექტორები ბუნდოვანი მანდატით მოქმედებდნენ, რაც მათ არ აძლევდათ საშუალებას, ეფექტურად გამოეძიებინათ დამსაქმებელთა დარღვევები. ტრეფიკინგის არცერთ მსხვერპლს არ მიუღია რეინსტიტუცია ტრეფიკინგში ჩართული პირებისგან, ხოლო დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ მთავრობის საქმიანობა სათანადოდ გამჭვირვალე არ იყო“,-წერია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის 12 მსხვერპლი გამოავლინა. მობილურმა ჯგუფებმა შეამოწმეს სასტუმროებსა და ღამის კლუბებში მომუშავე 682 ადამიანი და მათგან 55 „ტრეფიკინგის მაღალი რისკის“ ჯგუფში შეიყვანეს, რაც ნიშნავს, რომ მათი შრომის პირობები სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ხელისუფლებამ ასევე მოახდინა სხვა ქვეყნებიდან დეპორტირებული საქართველოს 3085 მოქალაქის შემოწმება.
ანგარიშის ავტორთა მონაცემებით, 2017 წელს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა 105 უსახლკარო და ქუჩაში მცხოვრები ბავშვის იდენტიფიცირება შეძლეს.
„მთავრობამ სამ ბავშვს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები გადასცა. შესაბამისად, მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვისა და განათლების სერვისები. დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი გადასცეს 13 უსახლკარო ბავშვს, ერთმა არასრულწლოვანმა მუდმივი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი მიიღო, ხოლო ხუთ ბავშვს, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლს წარმოადგენდნენ, პასპორტები გადასცეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და მსხვერპლთა მხარდაჭერის სხვა პროგრამებზე, შარშანდელთან შედარებით, მეტი დაფინანსება გამოჰყო. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის პრევენციისთვისაც მეტი ძალისხმევა გასწია, თუმცა, როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, მთავრობის საქმიანობა სათანადოდ გამჭვირვალე არ ყოფილა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ საქართველო უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში რჩება ტრეფიკინგში ჩართული პირებისთვის სატრანზიტო ქვეყნად, საუბარია სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგსა და ასევე შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლთა გადაყვანაზე.
„საქართველოში მცხოვრები ქალები ყველაზე ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლი თურქეთში ხდებიან, ასევე ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. საქართველო ასევე არის სატრანზიტო ქვეყანა იმ ქალებისთვის, რომლებიც ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან თურქეთში გადაჰყავთ. ქალებს აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებენ აჭარის რეგიონში, ასევე დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბათუმი და თბილისი. საქართველოს მოქალაქეები კი შრომით ექსპლოატაციას განიცდიან თურქეთში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსსა და ერაყში“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ქართველ, ბოშა და ქურთ ბავშვებს საქართველოში ხშირად აიძულებენ მათხოვრობას.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის 23 შემთხვევა გამოიძია. გასამართლებულია ოთხი პირი, რომლებსაც სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგში დასდეს ბრალი. დამნაშავედ ცნეს ტრეფიკინგში ჩართული ოთხი პირი. მათ 10-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე საქართველოდან გააძევს ტრეფიკინგში ჩართული ოთხი პირი.
თუმცა, როგორც დოკუმენტში წერია, დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ აჭარის რეგიონში ტრეფიკინგთან ბრძოლის დეპარტამენტში თანამშრომელთა რაოდენობა საკმარისი არ არის. არსებობს გამოცდილი გამომძიებლებისა და ქალი გამომძიებლების დეფიციტიც.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობისთვის ასევე კვლავ პრობლემად რჩება ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რადგან ხელისუფლება ამ ტერიტორიებზე კონტროლს ვერ ახორციელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში აშშ-ის მთავრობამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მეტი ძალისხმევა გასწიოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებსა და საქართველოსა და უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც შრომით ექსპლუატაციას განიცდიან.
„ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ღონისძიებებში უნდა იყოს ჩართული შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება მკაფიო მანდატი, რაც განსაზღვრავს მის როლსა და პასუხიმგებლობას და ასევე საშუალებას აძლევს ინსპექციას, გაფრთხილების გარეშე ჩაატაროს დამსაქმებელთა შემოწმება. ასევე გამოიძიოს და გაასამართლოს ტრეფიკინგში ბრალდებული პირები, გაზარდოს
სამართალდამცველების შესაძლებლობები, რათა მათ კომპლექსური საქმეების გამოძიება შეძლონ.
ასევე მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ტრეფიკინგის მსხვერპლს კომპენსაციის მიღების საშუალება მიეცეს. ამავე დროს, უფრო გამჭვირვალე გახადოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობა და ეს ინფორმაცია გაასაჯაროოს. სრულად აამოქმედოს კანონი, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის დოკუმენტების უფასოდ გადაცემას ითვალისწინებს. ასევე შექმნას უწყებათაშორისი სტრატეგია, რომელიც იძულების წესით მათხოვრობის შემთხვევებს აღმოფხვრის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


