პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, დაარქვას მას ის სახელი, რასაც იმსახურებს - ანუ სამხედრო გადატრიალება და შესაფერისი მორალური მსჯავრიც გამოუტანოს მის მონაწილეებს - ნატო ჩხეიძე
პარლამენტარი ნატო ჩხეიძე გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილების, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების გადაწყვეტილებას პროკურატურის მისაღებში შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პარლამენტმა უნდა შეაფასოს ზვიად გამსახურდიას საქმე.
„სერიიდან: ის, რაც უნდა მოხდეს.
საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოს შემქმნელისა და მისი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.
ზვიად გამსახურდიას მკვლელობა კი გახსნილია საგამოძიებო კომისიის მიერაც (კონსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით) და დოკუმენტური ლიტერატურითაც( როსტომ ჩხეიძის ავტორობით), მაგრამ ოფიციალურად არ არის დასკვნის სახით ასახული ქვეყნის პროკურატურის მიერ.
არც ასახავენ; არც დასკვნას არ დაწერენ; და არც პარლამენტი შეაფასებს იმ ავბედით და მართლაც დანაშაულებრივ მოვლენას, სახელმწიფო გადატრიალება რომ ჰქვია.
სასესიო დღის წესრიგში კი რა ხანია ჩაწერილია წინა ხელისუფლების შეფასების საკითხი რეზოლუციის სახით.
ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს ამ რეზოლუციას.
მაშასადამე, ქართული ოცნების მხადაჭერის იმედად არის შეტანილი ეს საკითხი დღის წესრიგში, რომელიც რეალურად პოლიტიკურ კონიუნქტურად წარმოჩინდება.
რადგან თუ წინა ხელისუფლების საქმიანობის შეფასება მართლაც იყო პოლიტიკურად აუცილებელი ნაბიჯი, ეს უნდა მომხდარიყო ყოველგვარი კოჰაბიტაციის გარეშე.
ახლა რა გამოდის- ორმა პარტიამ შეთანხმებლურად დაიწყო მოქმედება: ახალმა ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის რეჟიმი აირჩია, როგორც თავად გვარწმუნებდნენ, ქვეყნის მდგრადობისთვის, და ხელი გაუწოდეს წინა ხელისუფლებას.
გადის 6 წელი და უეცრად გადაწყდა მათთან გამიჯნვა და მათი საქმიანობის დაგმობა?..
არაერთი მომხრე „ნაციონალური მოძრაობისა“ ამჟამად „ქართული ოცნების“ პარტიის წევრია -ასეა პარლამენტში, ასეა მთავრობაში, სასამართლოსა თუ პროკურატურაში..
თუ დაიგმობა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ის წევრები, რომლებიც ჩამოსცილდნენ თავიანთ პოლიტიკურ ბანაკს სხვადასხვა მოსაზრებების გამო და საპირისპირო პოლიტიკურ ბანაკში გადავიდნენ, გასამართლდებიან თუ არა? და თუ გასამართლდებიან, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანებმა დაგმონ თავიანთი წინანდელი მოქმედება და ის შერაცხონ დანაშაულად? დანაშაულად და არა შეცდომად.
„ქართულ ოცნებას“ კი უკვე აღარავითარი უფლება აღარ აქვს, რომ მორალურად გაასამართლოს წინა ხელისუფლება, რადგან მათაც საკმაოდ დაუგროვდათ შეცდომებიცა და დანაშაულებიც.
არადა, სხვას რომ ბრალს სდებ, შენ თვითონ მორალურად შეუბღალავი უნდა იყო.
და რაც მთავარია, თუ შეფასებაა, უპირველესად უნდა შევაფასოთ ეროვნული მთავრობის დამხობა, რამაც ქვეყანა ისე ძლიერ დააზიანა, რომ იმ შედეგებს კვლავაც მწარედ ვიმკით.
ბევრი რამ მოგვარებული გვექნებოდა და ახალი ხელისუფლებანიც მოერიდებოდნენ ყოველგვარ ძალადობას, ეროვნული ხელისუფლების ის იარაღით დამხობა რომ არა, რომელიც უკვე შეფასებულია ჩვენი ხალხის მიერ და მიჩენილი აქვს თავისი ადგილი მათ მეხსიერებასა თუ ტექსტებში.
და საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, დაარქვას მას ის სახელი, რასაც იმსახურებს- ანუ სამხედრო გადატრიალება და შესაფერისი მორალური მსჯავრიც გამოუტანოს მის მონაწილეებს.
ეს უკვე აღარ იქნება პოლიტიკური კონიუნქტურა, რადგანაც ერთი-ორი ადამიანის გარდა, რომელიც ჩვენს პარლამენტშიც ბრძანდებიან, არცერთ სხვა დეპუტატს არ მიუძღვის ასეთი დანაშაული ქვეყნის წინაშე - იარაღის ძალიათ ხელისუფლების დამხობისა.
ამიტომაც სრული უფლება გვაქვს, ეს მორალური განაჩენი სწორედ ჩვენ გამოვიტანოთ.
და სანამ ის უმაღლესი ძალადობრივი ქმედება არ შეფასდება საქართველოს პარლამენტის მიერ, - ანუ ხელისუფლების იარღით დამხობა, რომელმაც სათავე დაუდო სახელისუფლო ბერკეტების ძალადობრივ გამოყენებას მომდევნო ხელისუფლებების მიერ, ვერ ვიქნებით სამართლიანნი, მით უფრო შორს ვიქნებით მორალური სამართლისაგან, და წინა- მომდევნო ხელისუფლებების შეფასებები ერთმანეთის მიმართ სწორედაც რომ პოლიტიკურ კონიუნქტურად წარმოჩინდება და არა სამართლიანობისა და ზნეობრიობის დამკვიდრების მცდელობად, რისი მოვალეც ნამდვილად არის ქვეყნის პარლამენტი.
დიახ, შეფასებები უნდა დავიწყოთ თავიდან, ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟიდან, ის მართლაც დანაშაული უნდა შევაფასოთ და მხოლოდ ამის მერე გადავდგათ, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში, შემდგომი ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ საქართველის პარლამენტი უნდა მოიქცეს თავისი ღირსების შესაფერისად,- მოვლენები უნდა შეაფასოს არა პირადი და თუ გნებავთ, პარტიული ინტერესების შესაბამისად, არამედ ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
როგორც ილია გვასწავლიდა, უნდა შევძლოთ და ვიყურით არა ჩვენი კარის ჭუჭრუტანიდან, არამედ კარი უნდა გამოვაღოთ და ისე შევხედოთ ჩვენს მამულს.
საქართველოს დღევანდელმა პარლამენტმა უნდა მისცეს შეფასება 26 წლის წინანდელ სახელმწიფო დანაშაულს და მერე კი იმის ვალდებულებაც იქნება, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ფორმალურად დაადასტურონ უკვე გამოკვლეულ - გამოძიებული საქმე ზვიად გამსახურდიას მკვლელობისა“, - დაწერა ნატონ ჩხეიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


