პოლიტიკა
რაც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან, კონსტიტუციაში მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული - გია ჟორჟოლიანი
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს პარტიის „სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ორი ინიციატივა გააცნო, რომელიც, მისი განმარტებით, ქვეყნის განვითარების შესაძლებლობებზეა ორიენტირებული.
როგორც გია ჟორჟოლიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთ-ერთი ინიციატივა იმ საკონსტიტუციო ჩანაწერს ეხება, რომლის მიხედვით, ახალი გადასახადის დაწესება ან გადასახადის გაზრდა, მხოლოდ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ინიციატივის ავტორები მიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში არსებული ეს ჩანაწერი პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარება, არსებითად ზღუდავს და ინსტიტუციურ დემოკრატიას აზიანებს.
ფრაქციის თავმჯდომარის განმარტებით, იმისათვის, რომ სახელმწიფოში რადიკალურად შეიცვალოს ვითარება, საჭიროა ქვეყანა გადარჩენის პოლიტიკიდან განვითარების პოლიტიკაზე გადავიდეს.
„ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები, ჩვენ გვჭირდება გარღვევა, გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და იმავდროულად, ინკლუზიური ანუ ისეთი ზრდა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იქნება ჩართული,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
კანონმდებლის განცხადებით, ამის განსახორციელებლად კი სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ უპასუხისმგებლო სახელმწიფოდან პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. დეპუტატის მოსაზრებით, ამისთვის აქტიური სახელმწიფო პოლიტიკაა საჭირო. კერძოდ, ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია, ახალი სექტორების გაჩენა, წარმოების განვითარება, კონკურენტული პროდუქციის შექმნა, სავაჭრო ბალანსის ცვლილება, ექსპორტის ზრდა, ადამიანური რესურსის, კომპეტენციის და კვალიფიკაციის, ასევე, კვლევებისა და უმაღლესი განათლების განვითარება.
„კარგი დროა, რომ ეს ნაბიჯი ახლა გადაიდგას, რადგან ხელისუფლება ორიენტირებულია განვითარებაზე და მას რესურსები სჭირდება იმისთვის, რომ გარღვევა განვახორციელოთ და გადარჩენის პოლიტიკიდან განვითარების პოლიტიკაზე გადავიდეთ,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მეორე ინიციატივა, რომელიც პრესკონფერენციაზე ფრაქციის თავმჯდომარემ დაასახელა, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების სრულყოფასა და მათ სიაში ღირსეული საცხოვრებლის უფლების შესახებ ჩანაწერის დამატებას ითვალისწინებს.
„ეს არ არის მხოლოდ სოციალური და მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი. ადამიანი, რომელიც ცხოვრების ღირსეულ პირობებს არის მოკლებული, ძნელად ჩაერთვება შრომით საქმიანობაში და ვერ უზრუნველყოფს იმ წარმატებებს და შემოქმედებით მიდგომას, რაც აუცილებელი ქვეყნის განვითარებისათვის,“- აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხები როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ მხარდაჭერას მოიპოვებენ, ვინაიდან ამ პრინციპების რეალიზაცია თანამედროვე, დასავლური ტიპის სახელმწიფოს ფორმირებას უდევს საფუძვლად.
„ეს ორი ინიციატივა იმ ტრადიციებს, ისტორიას და ჰუმანიზმს ეყრდნობა, რაც ჩვენს კულტურაშია. ის, რაც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან, ჰუმანიზმი, სოლიდარობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა, კონსტიტუციაში მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული და სწორედ ასეთი ჩანაწერები არის გზა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი და ევროპული განვითარებისა,“-განაცხადა პრესკონფერენციაზე გია ჟორჟოლიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


