პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პირობებში, ევროკავშირზე ოცნება უტოპიაა, რატომ ვართ ასეთ დღეში - ზურაბ დავითაშვილი
წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ ეს პოსტი იმათთვისაა, ვისაც მართლა აწუხებს ქვეყნის ბედი და ცდილობს გაერკვეს იმ მიზეზებში, რატომ ვართ ასეთ დღეში. ზოგისთვის კი ეს ერთი ძალიან გრძელი და მოსაწყენი მსჯელობა იქნება და ალბათ სჯობია ამაზე დრო არ დაკარგოს, - წერს პროფესორი ზურაბ დავითაშვილი სოციალურ ქსელში.
„ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ დანაშაულად მიიჩნევს, რომ ისინი ცდილობდნენ შეეცვალათ ქართული მენტალიტეტი და ე.წ. "ახალი ქართველის" ჯიში გამოეყვანათ, რომლისთვისაც ქართული ტრადიციული ღირებულებები უცხო იქნებოდა. წულუკიანის კომისიაზე გამოსულმა ვინმე მაყვალა გონაშვილმა "ამხილა" საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც მილიონებს ხარჯავდნენ, რომ ქართველებს ქართველობა დაგვეკარგა და კოსმოპოლიტური დასავლეთის ნაწილად ვქცეულიყავით. კომისიამაც სიამოვნებით მიამატა ეს "მომაკვდინებელი ცოდვა" იმ "გამოძიებულ დანაშაულებებს", რომლის საფუძველზეც ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს.
არ ვიცი, რას პასუხებენ ნაციონალები "ქართველობის წართმევის" ბრალდებას, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო ამ საკითხზე. კერძოდ, პასუხი გავცეთ კითხვას: როგორი ქართველების როგორ ქართველებად გარდაქმნა იგულისხმება ამ ბრალდებაში?
ჯერ ალბათ უნდა ვუპასუხოთ კითხვას: როგორი იყო ის საშუალო სტატისტიკური ქართველი, რომლის გარდაქმნაც გახდა საჭირო? არავინ ვიცით როგორი მენტალიტეტის ვიყავით ძველი და შუა საუკუნეების ქართველები (აქ რომანტიკულ შარავანდედში გახვეულ, იდეალურ გმირებზე და რაინდებზე არ მაქვს ლაპარაკი, რაც უფრო მითებისა და ლეგენდების სფეროა), მაგრამ ჩვენს წარმოდგენაში ტიპიური ქართველის განსახიერებას წარმოადგენს 60-70-80-იან წლებში ჩამოყალიბებული ტიპი, ანუ საბჭოთა ქართველი, რომლის მთავარი ნიშნები იყო:
1. სახელმწიფოებრივი აზროვნების არქონა. ამას თავისი ახსნა ჰქონდა: ქართველებს არ გვქონდა და ფაქტობრივად არც გვქონია ჩვენი ერი-სახელმწიფო,1918-21 წლების გამოკლებით (ფეოდალური სამეფოები ერი-სახელმწიფო არ არის და ხალხს არაფერი ეკითხება), ამიტომ უცხო ქვეყნის, საბჭოთა კავშირის (ფაქტობრივად რუსეთის) მოქალაქეები ვიყავით და მისდამი ლოიალობა და ანგარიშვალდებულება ვერ გვექნებოდა. ამიტომ ჩამოყალიბდა რწმენა, რომ სახელმწიფო მტერია, უცხოა, სხვაა და უნდა ეცადო, რაც შეიძლება მეტი წაგლიჯო მას. ასე უფრო დაფასებული და საპატივსაცემო იქნები.
2. თანამდებობაზე ყოფნას მოჰქონდა სიმდიდრე. ხალხის შეხედულებით, კაცი, რომელიც თანამდებობას გასამდიდრებლად არ იყენებდა "ადგილს აცდენდა", უშნო და უნიათო იყო, რადგან თუ თავის თავისთვის არ ვარგოდა სხვებს რას გაუკეთებდა? ამიტომ მიღებული იყო შეხედულება, რომ თანამდებობაზე ყოფნისას უნდა მოიპარო, მაგრამ ძალიან არ უნდა გაღორდე და სხვებსაც დაუტოვო მოსაპარი. ანუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ იყო მოთხოვნა, არამედ ის, რომ ჩვენც ჩაგვრთეთ კორუფციაშიო. ხელფასზე ცხოვრება სიღარაბის სინონიმი იყო და ასეთ ადამიანს სიბრალულით უყურებდნენ.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, კორუფცია და კრიმინალი ცხოვრების ნორმა გახდა. ქურდი - საპატივსაცემო პირი, რომელსაც ჭკუას ეკითხებოდნენ და დავებს არჩევინებდნენ, ქრთამის მიცემას პატივისცემა ერქვა, ქრთამის ამღებს კი - ვაჟკაცი კაცი. მახსოვს ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები: ყოველი მეორე ბიჭი ქურდობაზე ოცნებობდა და ყოველი მესამე გოგო ქურდის ცოლობაზე.
4. ქართველის დამახასიათებელ თვისებად იქცა კანონის არად ჩაგდება, უდისციპლინობა, არაპუნქტუალურობა. ალბათ ზოგს გემახსოვრებათ ამ საბჭოთა ინტელიგენციის ფესვებზე ამოზრდილი ერთ-ერთი ცნობილი პირის სიტყვები: "ქართველი მანამდეა ქართველი, სანამ კანონს არღვევს. კანონმორჩილი ქართველი, უკვე ქართველი არ არის"
5. ჩრდილოვანმა ეკონომიკამ და კორუფციამ შექმნა ილუზია, რომ ჩვენ სხვა რესპუბლიკებზე მდიდარი ვიყავით. ამას კრემლის პოლიტიკაც უწყობდა ხელს. საქართველო ჩააყენეს უსუსური ბავშვის მდგომარეობაში. ჩვენი საქმე იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა (კულტურები, რომელიც საბჭოთა კავშირში სხვაგან არსად არ მოყავდათ და ამიტომ ფასი მაღალი ედო), მევენახეობა, მეხილეობა, საკურორტო მეურნეობა, აგრეთვე თეატრი, კინო, ლიტერატურა, ხელოვნება, სპორტი. დანარჩენი საჭიროებებით ცენტრი მოგვამარაგებდა. ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირში გავრცელდა ქართველის სტერეოტიპი: ლაღი, მომლხენი, ნიჭიერი, კარგი მომღერალი, მოცეკვავე, მექალთანე და ა.შ. სამხედრო პირად ან ქარხნის მუშად ქართველს ძნელად თუ წარმოიდგენდნენ.
ახლა ვსვამ კითხვას: აი, ასეთი ქართველები რამდენად შეესაბამებოდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას? შედეგი 90-იანი წლებია: სახელმწიფო გადატრიალება, ეთნოკონფლიქტები, მთლიანად განადგურებული ეკონომიკა, ჯართად გაყიდული ქარხნები და ფაბრიკები, ბიზნესმენებად გარდაქმნილი ჩვეულებრივი ყაჩაღები, თვეობით გაყინული ხელფასები და პენსიები, უშუქობა, უწყლობა, უგაზობა, სასაცილოდ მიზერული ბიუჯეტი და ფაქტობრივად დაშლილი ქვეყანა. ამ ყველაფრის უპირველესი მიზეზი ის მენტალიტეტი იყო, სადაც კორუფცია ცხოვრების ნორმა იყო, ხოლო სახელმწიფოებრიობის შეგრძნება - ნული.
აი, ასეთი ქვეყანა ჩაიბარა ნაციონალურმა მოძრაობამ 2003 წელს. მიზანიც მაშინვე გაცხადდა: თუ გვინდა გავხდეთ ნორმალური, ევროპული ქვეყანა, გარდაქმნა ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ და მენტალური რევოლუციის განხორციელება გარდაუვალია.
1. უპირველეს ყოვლისა უნდა ყოფილიყო განმტკიცებული სახელმწიფოებრიობის გრძნობა და იმის შეგნება, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაზე დიდი ღირებულებაა. ეს შენი საკუთარი სახელმწიფოა და მისი დაცვა და გაფრთხილება შენი უპირველესი ვალდებულებაა. თუ სახელმწიფოს პარავ, საკუთარ თავს, შენ ოჯახს და შვილებს პარავ. ანუ წარმოდგენა სახელმწიფოზე, რაც საბჭოთა ქართველში იყო დიამეტრულად უნდა შეცვლილიყო. საჭირო იყო იმის გაცნობიერება, რომ ერის (თუ ის მართლა ერია და არა ეთნიკური ერთობა) სიამაყის მთავარი ობიექტი საკუთარი სახელმწიფოა. კარგია, როცა მდიდარი ისტორია, ლამაზი ბუნება, დიდებული ფოლკლლორი და სამზარეულო გაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, თუ ისეთი სახელმწიფო გაქვს, სადაც სიღარიბე, კორუფცია, უკანონობა ბატონობს და ხალხი გაქცევაზეა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გავრცელებული ქოცური ნარატივი (რასაც არაერთხელ გაუსვა ხაზი ივანიშვილმა), რომ სამშობლო უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე სახელმწიფო, სრული უაზრობაა. სამშობლო ცხოველსაც აქვს, მაგრამ სახელმწიფო მხოლოდ ერს აქვს. ერისთვის სამშობლო და სახელმწიფო იდენტური ცნებებია, რადგან ერის სამშობლო მისი სახელმწიფოა. კიდევ ერთი, რაც ძალიან ძნელი გასააზრებელი იყო საბჭოთა ქართული მენტალიტეტისთვის, რომ სახელმწიფო და კანონი უფრო მაღლა უნდა დააყენო, ვიდრე ძმაკაცობა, ნათესაობა თუ მეზობლობა. სწორედ, ეს ხედვა აღიქვა ბევრმა ქართველობის წართმევის მცდელობად.
2. აუცილებელი იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრება. ეს საკმაოდ ძნელი მისაღწევი მიზანი იყო და ბოლომდე ვერც განხორციელდა, მაგრამ პროგრესი აშკარა იყო. თუმცა ამას საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა დაჭირდა (უფლებამოსილების გადამეტებაც საკმაოდ ხშირი იყო), მაგრამ ისეთ ქვეყანაში სადაც კანონს არაფრად აგდებდნენ და კორუფცია მართავდა ქვეყანას, ეს გადაცდომები ალბათ მოსალოდნელი იყო.
3. კორუფციისდა კრიმინალის წინააღმდეგ მკვეთრმა და მტკივნეულმა ნაბიჯებმა მინიმუმამდე დაიყვანა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, გატაცება, მკვლელობა. საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდა. ქურდულმა სამყარომ რომანტიკული შარავანდედი დაკარგა და ქურდობაზე, როგორც მისაბაძ პროფესიაზე წარმოდგენა ფაქტობრივად გაქრა.
4. ქართულ მენტალიტეტში დაბრუნდა სამხედრო საქმის პატივისცემა. ბევრმა ახალგაზრდამ სწორედ ეს აირჩია თავის მომავალ პროფესიად.
5. გაქრა წარმოდგენა, რომ ზოგიერთი პროფესია დამამცირებელია და ქართველების საქმე არ არის. ქართველი ახალგაზრდობიდან ბევრმა ისეთ პროფესიას მოკიდა ხელი, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა (მენაგვე, მეეზოვე, ჭურჭლის მრეცხავი და ა.შ.)
6. გაცნობიერდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და განმტკიცების ერთადერთი გზა ძლიერი მეგობრისა და მოკავშირის ყოლაა. საქართველომ ასეთ მოკავშირედ ევროკავშირი, აშშ და ნატო დაინახა და მიზნად ევროატლამტიკური ინტეგრაცია დაისახა. ინტენსიური გახდა კავშირები დასავლეთთან. ათასობით ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა მიეღო განათლება ევროპასა და ამერიკაში. ამით ისინი ეზიარნენ დასავლურ ღირებულებებს. ქართველი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის (მათ შორის უმცირესობების) უფლებები ცხოვრების ნორმა გახდა. აი, სწორედ ასეთი ახალგაზრდები აღიქვეს ახალ ქართველებად მავანმა და მიუღებლად მიიჩნიეს ქართული ტრადიციებისთვის (რა გულისხმობენ ქართულ ტრადიციებში ეს კიდევ სხვა თემაა).
დამეთანხმებით, ყოველივე ამ ნაბიჯების განხორციელებას დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, ინტელიგენციის ნაწილის, სასულიერო პირების მხრიდან. არ უნდა უგულებელვყოთ ხელისუფლების შეცდომებიც და ცალკეულ შემთხვევებში დანაშაულებიც, მაგრამ მთლიანობაში შედეგი ის იყო, რომ საქართველო ნამდვილად გახდა ევროპული ტიპის თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც 600 წლიანი წყვეტის შედეგ კვლავ იქცა საერთაშორისო ცხოვრების სუბიექტად, რომელსაც პატივს სცემდნენ და მის აზრს ითვალისწინებდნენ. იყო შედარებებიც, რომ საქართველო ისეთ გზას გადიოდა, როგორც ოდესღაც კორუმპირებულმა და ჩამორჩენილმა ქვეყნებმა, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა და სინგაპურმა გაიარეს, ოღონდ მათგან განსხვავებით ტიპიური ავტორიტარული მმართველობის გარეშე.
საქართველოს ეს ცხრაწლიანი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა. 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება იყო იმის მაჩვენებელი, რომ ქართველი ხალხის არც თუ მცირე ნაწილისათვის ევროპული ღირებულებების დამკვიდრება უცხო და მტკივნეული აღმოჩნდა (ევროპაში გვინდა, მაგრამ ასეთები მიგვიღონ როგორებიც ვართ), ცხადია დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ ქართულ ოცნებას მაშინ ევროპული ორიენტაციის შეცვლა არ დაუანონსებია, თავისი როლი ითამაშა ნაციონალური მოძრაობის შეცდომებმა და რა თქმა უნდა რუსეთის ფარულმა მხარდაჭერამ ქართული ოცნებისათვის.
მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ გამოაჩინა ქართულმა ოცნებამ თავისი ნამდვილი სახე და მიზნები. უარი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მოლაპარაკებების შეწყვეტა ევროკავშირთან, ევროპის გამოცხადება ქართული ტრადიციებისა და მენტალობის მტრად. შესაბამისად ზურგის შექცევა მეგობრებისათვის და რუსეთთან მარტო დარჩენა. და ამაზე აცხადებენ, რომ ასეთი სუვერენულები არასოდეს ვყოფილვართო. ყველაფერ ამას ერთი ახსნა აქვს. ქართული ოცნების ხელისუფლება დაუბრუნდა მმართველობის იმ სტილს, რომელიც 2003 წლამდე იყო. კორუფცია, უკანონობა, თავნებობა, ავტორიტარიზმი არის ის ერთადერთი საშუალება, რომლითაც მათ შეუძლიათ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ასეთი ხელისუფლების ქვეყანა კი ევროპის ნაწილი ვერ გახდება. ამიტომ არის ის ღირებულებები, რომელიც ე.წ. ახალი ქართველებისთვის უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი აბსოლუტურად მიუღებელი მათთვის და ამიტომ უთვლიან ნაციონალურ მოძრაობას ამას დიდ დანაშაულად, რომ ევროპული ღირებულებების მოსახლეობის პირობებში ისინი ვერანაირად ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას.
ერთი სიტყვით, ქართული ოცნების პირობებში, ევროკავშირზე ოცნება უტოპიაა.
ეს გრძელი და პესიმისტური პოსტი მაინც ოპტიმისტურ ნოტაზე მინდა დავამთავრო. იმ 9 წელმა მაინც გამოიღო შედეგი და ნამდვილად ჩამოყალიბდნენ ახალი ქართველები. სწორედ ისინი ვინც ქუჩაში იდგნენ 2019 წლის 20 ივნისს, 2023 წლის 7-9 მარტს, 2024 წლის აპრილ-მაისში და ვინც 26 ნოემბრის შემდეგ უცვლელად დგანან რუსთაველზე. ეს ის ახალგაზრდებია, ვისთვისაც სახელმწიფო, კანონი, დემოკრატია, სუვერენიტეტი, ადამიანის უფლებები, ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და ევროპული ღირებულებები ყველაზე დიდი ფასეულობაა და არა ის ფსევდოქართული ტრადიციები, რომელიც სათავეს საბჭოთა პერიოდიდან იღებს. მათი რიცხვი იზრდება და სწორედ ისინი შეძლებენ დააბრუნონ საქართველო იმ გზაზე, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდნენ დიდი ქართველები და რომლისგანაც ივანიშვილის რეჟიმმა გადაუხვია,“ - წერს ზურაბ დავითაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


