სამართალი
პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის მიმართ განხორციელებული ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის სამი პირის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყება აღნიშნავს, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის მიმართ განხორციელებული ცემისა და მუქარის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დააკავეს მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, მისი კუთვნილი ავტომანქანით, გაემგზავრა ქ. ბორჯომში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარში. დაახლოებით 24:00 საათზე, ქ. ბორჯომში ჩასულს, მას სავალ გზაზე ავტომანქანა მოუცურდა, რის გამოც მის მანქანასთან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გაჩერდა, რომელსაც მიხეილ ხუციშვილი მართავდა. ამ უკანასკნელს თან ახლდნენ მეგობრები - პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, მივიდნენ გიორგი გასვიანის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან და დაუწყეს ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო მიხეილ ხუციშვილმა გიორგი გასვიანს თავზე დაადო მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი) და მის მიმართ განახორციელა მუქარა, რაც გიორგი გასვიანის მიერ აღქმული იქნა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რეალურ საფრთხედ. მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს ცემა, რაც გიორგი გასვიანისგან შეიტყეს, რომ იგი ჟურნალისტი იყო და დაიწყეს მისი დაყოლიება იმაზე, რომ გიორგი გასვიანს აღნიშნული ფაქტი არსად გაემჟღავნებინა. შემდეგ კი მიაცილეს სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომ“-ში.
მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის ბრალდებულის სახით დაკავებისას პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი რომ თავისუფლებაში მყოფი ბრალდებულები ზემოქმედებას მოახდენდნენ მოწმეებზე, ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამასთან მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტიც, რომ მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ დანაშაულის ჩადენისთანავე სცადეს მისი დაფარვა, კერძოდ მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული გიორგი გასვიანი იყო ჟურნალისტი, დაიწყეს მისი დაყოლიება, რომ არ გაემჟღავნებინა მომხდარი და არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაზარალებული სასტუმროში დატოვეს მას შემდეგ, რაც მიიღეს პირობა, რომ მომხდარის შესახებ გიორგი გასვიანი არსად განაცხადებდა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის დაკავების შუამდგომლობით.
გამოძიებით დადგენილია რომ მიხეილ ხუციშვილი არის შ.ს. ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორ - გამომძიებელი, პაატა კვინიკაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბორჯომის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის“ შენობისა და ტერიტორიის დაცვის ყოფილი ინსპექტორი ხოლო ბორის გოგიჩაიშვილი ქმედების ჩადენის დროს იყო უმუშევარი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიხეილ ხუციშვილი და პაატა კვინიკაძე დანაშაულის ჩადენის დროს არ ახორციელებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


