სამართალი
პროკურატურა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება
პროკურატურა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კანონის არცოდნასა და არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტ ინგა გროგოლიას მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე, 2018 წლის 19 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
,,2018 წლის 21 მაისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნა რ.ნ., რომელსაც 22 მაისს ი.გ.-ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და ადევნების ფაქტზე წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1511-ე მუხლით. იმავე დღეს რ.ნ.-ს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი.გ. ცნობილი იქნა დაზარალებულად და მისი, როგორც დანაშაულის მსხვერპლის ფსიქიკური და მორალური ზიანის დადგენის მიზნით გამოძიების მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნულ იქნა და ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში.
მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, ვინაიდან გამოვლინდა, რომ ბრალდებული წარსულში მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2018 წლის 23 მაისს დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
2018 წლის 12 ივნისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ რ.ნ. დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.
სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით შეურაცხადობის გამო ბრალდებულ რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა, რის შემდეგაც იგი მოთავსებული იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი. აღნიშნული უფლება, იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეიძლება შეიზღუდოს პროკურორის ან გამომძიებლის დასაბუთებული დადგენილების საფუძველზე.
კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პერიოდში, როდესაც რ.ნ.-ს ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე მას მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება შეზღუდული ჰქონდა.
2018 წლის 19 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა შეურაცხადობის გამო, მას აღარ აქვს ბრალდებულის სტატუსი, იგი აღარ იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და შესაბამისად მის მიმართ ვეღარ გავრცელდება საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ი.გ.-ს ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩადენილია გულგრილობა, ვინაიდან მათ მიერ არ მოხდა რ.ნ.-სთვის ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


