პოლიტიკა
ოპოზიციამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში 46-ჯერ დაიბარა, აქედან 5-ჯერ დაფიქსირდა გამოცხადების შემთხვევა - კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევა ჩაატარა, თუ რამდენად ახორციელებს საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია სუსტია.
„საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია არის ძალიან სუსტი. ის, რომ პარლამენტში არ იქმნება საგამოძიებო კომისიები, ის, რომ ოპოზიციის მოწვევით არ მოდიან მინისტრები პარლამენტში არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ოპოზიციას მიეცეს ერთი კომიტეტი მაინც იმისთვის, რომ მათ მართონ“, -თქვა გიგაურმა.
ანგარიში შეისწავლის საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას 2012 წლიდან დღემდე. როგორც მან ცხადყო, „საკანონმდებლო ორგანო კონტროლის არსებულ მექანიზმებს სრულფასოვნად ვერ იყენებს. ამის მიზეზი კი მწირი პოლიტიკური ტრადიცია, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობის სუსტი მექანიზმებია“.
პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის შეფასებამ შემდეგი მიღწევები გამოავლინა:
გამარტივდა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა;
დაწესდა დაბალი კვორუმი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნისთვის, რაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს;
დაწესდა პრემიერ-მინისტრის ვალდებულება, ყოველწლიური მოხსენებით წარსდგეს პარლამენტის წინაშე;
დამკვიდრდა ინტერპელაციის ინსტიტუტი.
„საერთაშორისო სამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც გამოჰყოფს. ესენია:
ოპოზიციის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მექანიზმები სუსტია, მათ შორის იმის გამოც, რომ ოპოზიცია არ ხელმძღვანელობს არცერთ კომიტეტს პარლამენტში;
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოლიტიკური დებატების ჩატარებას ინტერპელაციისა და მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს;
კონსტიტუციაში აღარ არის გათვალისწინებული მთავრობის წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი და მთავრობის ერთი-მესამედით განახლების შემთხვევაში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია;
მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში არცერთხელ არ ჩატარებულა სამთავრობო საათი - პარლამენტს პლენარულ სხდომაზე არ მოუწვევია მთავრობის წევრი;
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ კანონდებლობას და ოპოზიციის მოწვევით, როგორც წესი, არ ცხადდებიან ფრაქციის სხდომებზე: 46 დაბარების შემთხვევიდან, ფრაქციის სხდომაზე სულ 5-ჯერ დაფიქსირდა გამოცხადების შემთხვევა;
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დადგენილ ვადაში სრულად არ პასუხობენ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს. დეპუტატები კი იშვიათად სარგებლობენ ამ უფლებით;
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები უმეტეს შემთხვევებში ოპოზიციონერი დეპუტატები არიან, თუმცა, როგორც წესი, მათ ამ მოთხოვნას უმრავლესობა არ ეთანხმება - მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში, საანგარიშო პერიოდში, 19-ჯერ დარეგისტრირდა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, თუმცა მმართველმა უმრავლესობამ მხოლოდ მისივე ინიცირებულ, ერთადერთი კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი, დარჩენილ 18 შემთხვევაში კი ოპოზიციის ინიციატივა არ გაიზიარა.
უმრავლესობა იშვიათად მიმართავს საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს, რის მიზეზადაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სხვა (არაფორმალურ) ფორმებს ასახელებს;
ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების განხილვა,ხშირ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ მხრივ გამონაკლისია სახალხო დამცველის ანგარიში, რომლის მოსმენის შემდეგ დადგენილების მიღება სავალდებულო გახდა და ასევე, დაინერგა სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ მოსმენების პრაქტიკა.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, არასამთავრობო როგაბნიზაცია ურჩევს, რომ :
შეიქმნას ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად, მათ შორის ოპოზიციის აქტიური ჩართულობის კუთხით;
რეგლამენტით განისაზღვროს, რომ სულ მცირე ერთი (საფინანსო-საბიუჯეტო) კომიტეტის თავმჯდომარე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი;
სამთავრობო საათი გახდეს ქმედეთი მექანიზმი, არ შემოიფარგლოს წინასწარ გაწერილ კითხვებზე პასუხებით და დადგეს მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ის არ დაესწრება სამთავრობო საათს;
პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართოს ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, ხოლო, მოთხოვნის შემთხვევაში, დებატები;
პარლამენტმა განახორციელოს მონიტორინგი აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე;
დადგინდეს პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშების პლენარულ თუ საკომიტეტო სხდომებზე განხილვის პროცედურები, აგრეთვე, პარლამენტის მიერ რეკომენდაციების გაცემის და მათ შესრულებაზე პერიოდული კონტროლის მექანიზმები;
გაიზარდოს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობა.“ - ნათქვამია ანგარიშში.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


