სამართალი
ნაწილ კითხვებზე მივიღეთ პასუხები, ნაწილზე პასუხისგან თავი შეიკავა - პროკურორი მირზა სუბელიანზე
მირზა სუბელიანის გამოკითხვა განმეორებითაც მოხდება, - განუცხადა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
მისი თქმით, სუბელიანმა კითხვების ნაწილზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
„მირზა სუბელიანი მოწმის სახით იქნა გამოკითხული. პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა. ნაწილ კითხვებზე მივიღეთ პასუხები, ნაწილზე პასუხისგან თავი შეიკავა. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და დაისმება ის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემისგანაც მან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა", - განაცხადა გუბელაძემ.
კითხვაზე, ვინ განახორციელა აუდიოჩანაწერის გაკეთება და ვის მიერ გავრცელდა ეს ჩანაწერი, ამასთან დაკავშირებით, პროკურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.
„იმ შემთხვევაში თუ იქნება დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი მტკიცებულებები, საზოგადოებას დამატებით ეცნობება ამის შესახებ. ზოგადად ჩვენების შინაარსის გაჟღერებისაგან თავს შევიკავებ. არაერთხელ გაუჟღერებია მის ადვოკატებს და ბრალდების მხარემაც განვაცხადეთ, რომ ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მესმის, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გაქვთ კითხვები, გამოძიებასაც აქვს კითხვები და გვსურს პასუხები მივიღოთ, თუმცა, რა კითხვები დაისვა, რა პასუხები გაეცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებთ რომ გავაჟღეროთ. გამოძიება გრძელდება და იგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ინფორმაციის გაჟღერება კი აზიანებს გამოძიების ინტერესებს",- განაცხადა გუბელაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში როგორც საქმის პროკურორი, ასევე სუბელიანის ინტერესების დამცველი კახა ხვისტანი იმყოფებოდნენ. ხოლო ორი ადვოკატი ინგა ჩალაური და ეკა ხუციშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაგვიანებით მისვლის გამო, გამოკითხვაზე ვერ შევიდნენ.
ადვოკატებმა ჟურნალისტებთან მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ სუბელიანთან კითხვები გამოძიებას ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით აქვს.
შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


