პოლიტიკა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია თურქ კოლეგას შეხვდა
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქ კოლეგასთან ფიკრი იშიკთან შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე თავდაცვის სფეროში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა თურქი ხალხის მიმართ და თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები დაგმო. მისივე თქმით, საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოების გვერდითაა და წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. მინისტრებმა მაისში, თბილისში დაგეგმილ თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალზეც იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მიერ სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. საუბარი შეეხო აპრილში, თბილისში დაგეგმილ სამივე ქვეყნის შტაბის უფროსების შეხვედრის მნიშვნელობასაც.
ლევან იზორიამ თურქ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობა. ლევან იზორიამ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში მომავალი წლის გაზაფხულამდე დარჩება და მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში გააგრძელებს კონტრიბუციას.
ფიკრი იშიკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ასევე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ გაამახვილებს ყურადღებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


