პოლიტიკა
მზად ვართ, მრავალმხრივ პროექტებში სომხეთთან ერთად საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებს და სწორედ, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შევძელით ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაფუძნება და მოხარულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოირჩევა განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც სომხეთში ვიზიტის ფარგლებში სომხე კოლეგას შეხვდა.
,,გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. სწორედ, ამ წლების განმავლობაში გახდა შესაძლებელი ნდობაზე დამყარებული ურთიერთასასარგებლო პარტნიორობის განვითარება ორ მოძმე ქვეყანას შორის. 2017 წლის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა დონის არაერთი ორმხრივი ვიზიტი, ასევე, შეხვედრები საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. გასული წლის დასაწყისში საქართველოს ესტუმრა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და დღეს ჩვენ გვაქვს საპასუხო ვიზიტი სომხეთში. ასევე, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრეზიდენტი და მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ნამდვლიად უმაღლეს ნიშნულზეა. ვიზიტის მნიშვნელობასა და განსახილველი საკითხების ყოვლისმომცველობაზე მეტყველებს დელეგაციის შემადგენლობა. საქართველოს მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებების მინისტრები, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივი თანამშრომლობისა. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას.
,,მინდა, მივესალმო იმ ფაქტს, რომ გვაქვს ძალიან მზარდი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ასევე მინდა, ჩემს კოლეგას მივულოცო ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი სომხეთში. ეს წარმატება ჩვენც გვახარებს, როგორც სომხეთის მეზობელ და მეგობარ ქვეყანას.
ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, კულტურული ურთიერთობები, ხელოვნება, განათლება და რა თქმა უნდა, მოსწავლეების და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებს და ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
ასევე, მნიშვნელოვანია უახლესი მიღწევების ურთიერთგაზიარება და გამოცდილებების გაცვლა და მე მოხარული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში ვეწვევი ერევნის საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურ ცენტრ „თუმო“-ს. ვიმედოვნებ, ამ სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი კოლეგის მხრიდან ხაზი გაესვა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ მზად ვართ, რომ მრავალმხრივ პროექტებში, სომხეთთან ერთად საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ შეგვიძლია ორმხრივი სარგებლის ნახვა, გამომდინარე იმ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების ქსელიდან, რომელიც საქართველოს გააჩნია. სომხეთს, ასევე, თავის მხრივ აქვს ძალიან სასარგებლო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს მხრიდან შეიძლება იქნას გამოყენებული.
ჩვენ მივესალმებით, ასევე, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოველმხრივი და გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს და ორივე მხარე შევთანხმდით, რომ აუცილებელია მაღალი დონის ვიზიტების კიდევ უფრო გააქტიურება. აგრეთვე, დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ჩვენ ასევე, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ტექნიკურ ჯგუფებს შორის შეხვედრა, რათა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა მომზადდეს და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს ასეთი შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


