სამართალი
მე არ მქონია განცდა, რომ სასამართლოს ფანჯარას ვესროლე, მე მქონდა განცდა, რომ უსამართლობის კერას ვესროლე - ბექა წიქარიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტს ბრალი აქვს წაყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამი მუხლით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, სხვისი ნივთის დაზიანებასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას.
როგორც თავად წიქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ქმედება იყო გამოწვეული მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებით. გუნცაძემ გუშინ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) 8 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრმა გუნცაძის განაჩენი შეადარა მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილებას, რომელმაც კლუბ „ბასიანში“ სამი კაცის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„ჩემი გუშინდელი ქმედება პროტესტით იყო გამოწვეული, აღელვებითა და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც „ბახალას“, გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლომ გამოიტანა, ანუ უსამართლო გადაწყვეტილებით. მე არ მქონია განცდა, რომ სასამართლოს ფანჯარას ვესროლე, მე მქონდა განცდა, რომ უსამართლობის კერას ვესროლე. „ბახალას“ განაჩენი არის სასამართლოს კიდევ ერთი სირცხვილი. შორენა გუნცაძეს შეუძლია, ჩაეწეროს ბადრი შონიას რიგში იმიტომ, რომ ბოლო დროს გამოიკვეთა სასამართლოს ორი სამარცხვინო სახე“,- განაცხადა წიქარიშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატის, ანა ნასრაშვილის თქმით, საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით გამოძიება.
„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრი მსახიობ თორნიკე ბზიავასთან ერთად გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა.
ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო წიქარიშვილი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
რაც შეეხება „ბახალას“ სასამართლო პროცესს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შორენა გუნცაძემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იმავე „ბახალას“, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში ედებოდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


