სამართალი
მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლე ზვიად შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა .
“ამ სასამართლოში საქმე არ მაქვს, რა გადაწყვეტილებაც გინდათ მიიღეთ",- მიმართა მოსამართლეს ხაზარაძემ.
მანამდე მან დეტალურად ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსამართლეს შუამდგომლობა.
“პიროვნულად არაფერს გერჩით, დაველოდები გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ სისტემას არ ვენდობი, ამის სერიოზული საფუძველი მაქვს. თქვენ შეიძლება მომისაჯოთ ერთი წელი, რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს, ამ დროს პროკურატურა ამბობს, დანაშაული მოხდა, ხაზარაძე რაღაცას არ დაემორჩილა, მეორე მხარე დაკითხვაზეც არ მოჰყავთ, რომ კითხონ, ამისთანა რა დავაშავე, რის საფუძველზე არ მივედი, ჰქონდა თუ არა არგუმენტი.
ცალ კარში თუ ფეხბურთია, მითხარით და საერთოდ არ მოვალ სასამართლოში, მიიღეთ რა გადაწყვეტილებაც გინდათ. მე აქ იმიტომ კი არ დავდივარ, რომ რაღაცის მეშინია, ან რამის დამტკიცებას ვაპირებ, მე ვერაფერს დავამტკიცებ, ვიცი, მაგრამ ეს რა ფორმაა, რა სასამართლოა, რა პროკურატურაა. დაუძახეთ წულუკიანს და კითხეთ, თვითონ მოაწერა ხელი, არ მოაწერა, მაგრამ ამდენი ხანი მარტო მე მატარებთ ამ სასამართლოში იმისათვის, რომ ბოლოს რა, მიიღოთ განაჩენი და ხალხს უთხრათ, ისინი დეპუტატები არიან, ე.წ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიანო და აქეთ ჩვენ ვართ - თქვენს წინა მოსამართლემ რომ თქვა, მე თავადი ვარო. ეს დამოკიდებულებაა ახლა სასამართლოში? ძალიან გთხოვთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, საზოგადოებამ მოისმინოს წულუკიანის, სუბელიანის პოზიციები.... თუ ამას არ გააკეთებთ, წავალ მაშინ და დამიჭირეთ. 9-წლიანზე მიშვებდა თქვენი სასამართლო აბსურდულ საქმეზე და 4 წელი მატარეთ აქ, მაშინ არ დავმალულვარ სასამართლოს, თქვით პირდაპირ და დაამთავრეთ, მასკარადია ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება მარტო მამუკა ხაზარაძე დაკითხო და 7 კაცი არ დაიბაროთ, ერთი კითხვა არ დაუსვათ. რა გეცინებათ? (პროკურორებს), სასაცილო არის ამაში რამე? გეცინებათ და ეს ცინიზმი უკან დაგიბრუნდებათ ყველას, თქვენ და თქვენს სისტემას", - განაცხადა ხაზარაძემ.
სხდომის დატოვების შემდეგ, ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ განაჩენის გამოტანის დროს, შესაძლოა, სხდომას არ დაესწროს.
“დავტოვე სასამართლო, ამ სასამართლოში მე არანაირი საქმე არ მაქვს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ არის ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი, რადგან არის რაღაც ზღვარი, რის მერეც უნდა თქვა, რომ "მე ამ სპექტაკლში, ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ", საკმარისად გაიგო საზოგადოებამ, ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომ ვიარე ამდენი ხანი.
განაჩენის გამოტანის დროს, ალბათ, არ ვიქნები", - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


