სამართალი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები: ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები: ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი. პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს, გია ონიანმა, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა.
ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.
სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


