სამართალი
კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურამ ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და მის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, რადგან პროკურორის განცხადებით, მან ქვეყანა უკანონო გზით დატოვა და დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა. ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 2 500 000 ლარი ჰქონდა შეფარდებული.
დაცვის მხარის განცხადებით, იმ ფონზე, რომ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა არ დგას.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბაჩიაშვილმა დაარღვია გირაოს პირობები და, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაჩიაშვილის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა იქნეს გამოყენებული.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული საქმის გარდა ბრალი კიდევ ორ საქმეზე - "მტკვარი ჰესის" და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აქვს წაყენებული.
"მტკვარი ჰესის" საქმეზე მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზეც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


