პოლიტიკა
კონსტიტუცია კანონდარღვევით მიიღეს! - რომან გოცირიძემ გამოძიების დაწყება მოითხოვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გოცირიძის მტკიცებით, მხოლოდ მესამე მოსმენის წინ კონსტიტუციაში იყო შეტანილი არა რედაქციული, არამედ არსებითი სახის ცვლილება „მიწის“ შესახებ. დეპუტატის თქმით, ახალი შესწორებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაიყიდება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწა.
გოცირიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ უკანონობა ჩაიდინა, ხოლო ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტის შინაარსი პარლამენტს კანონიერი გზით უნდა შეეცვალა.
„კონსტიტუცია კანონდარღვევით იყო მიღებული!
გუშინ, კონსტიტუციის მიღებისას, პარლამენტმა აშკარა უკანონობა ჩაიდინა. ნაცვლად რედაქციული ხასიათის ცვლილებისა, არსებითი ხასიათის ცვლილება შეიტანა კანონპროექტში. თანაც როგორი: თუ ორივე მოსმენით მიღებულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტში შეზღუდვებში ეწერა „მიწა“, მესამე მოსმენის წინ წაუმატეს სიტყვა „სასოფლო-სამეურნეო“, ანუ შეზღუდვები ეხება არა ყველა კატეგორიის მიწას, არამედ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისას.
ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ გამოსწორდა თავდაპირველი აბსურდული ჩანაწერი.
როგორც ჩანს, თავიდან მარშისტების, პირადი მოძღვრებისა თუ კიდევ სხვების გულის მოგება უნდოდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ დიდ სისულელეს სჩადიოდნენ.
კეთილი ინებონ და დატოვონ ისე, როგორც წესია და სასწრაფოდ დაიწყონ ამ შეცდომის გამოსწორების კანონით განსაზღვრული პროცედურები.
დრო დაიკარგება? ამათ ხელში დრო ისედაც დაკარგულია.
საჭიროა გამოძიების დაწყება აღნიშნულ ფაქტზე“, - დაწერა გოცირიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტი. კენჭისყრის შედეგად, 117 დეპუტატმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა, ხოლო 2-მა პარლამენტარმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


