სამართალი
ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 26 აგვისტომდე დასრულდეს გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე გამოძიება - საია
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოს, დროულად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, დაასრულონ გონიოს სანაპიროზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის მიერ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება.
ორგანიზაციის თქმით, საქმე თითქმის 2 წელია, ჭიანურდება. საია ეჭვობს, რომ გამოძიების არაეფექტურობა დაკავშირებულია მიქაუტაძის თანამდებობით, ასევე შერჩევითი მართლმსაჯულებით.
„თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების საქმეში, რომელშიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, იწურება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ორი წლის გასვლის მიუხედავად, საქმეზე რაიმე შედეგი არ დამდგარა. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვა გამორიცხავს დანაშაულისთვის პირის პასუხისგებაში მიცემას.
გამოძიების გაჭიანურება და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმეზე ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპი - სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის, გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობა საქმეში შესაძლოა ხელს უშლიდეს საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.
არაეფექტურ გამოძიებასთან ერთად, სახეზეა შერჩევითი მიდგომა ერთი ფაქტის გარშემო დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას. ამავე ფაქტიდან გამომდინარე თამარ ხაჭაპურიძის მიმართ წარდგენილ ბრალზე გამოძიება დასრულებულია და საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს, მაშინ, როცა გიორგი მიქაუტაძის მიერ თამარ ხაჭაპურიძის შვილის ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებული გამოძიება წელიწად-ნახევარზე მეტია უშედეგოდ გრძელდება. გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე გამოძიების გაჭიანურებასა და შერჩევით მიდგომას არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო განცხადებით გამოეხმაურნენ ჯერ კიდევ 2018 წლის 21 მარტს.
ამასთან, თამარ ხაჭაპურიძის ბრალდების საქმეზე, სადაც გიორგი მიქაუტაძე დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს, 2018 წლის ივლისში გამართულ სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდების მხარეს მოწმეების სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ეძლეოდა.
მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 26 აგვისტომდე დასრულდეს თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის საქმეზე გამოძიება. გამოძიება ჩატარდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რათა საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი, ხოლო დანაშაული დაუსჯელი. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ ყველა ზომას მიმართონ, რათა გაქარწყლდეს ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების განხორცილების თაობაზე“, - წერია საია-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, 2016 წლის აგვისტოში გონიოს სანაპიროზე ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგად გამოძიება დაიწყო გიორგი მიქაუტაძის მიერ [მაშინ ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო] არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე. იმავე დღეს მოზარდის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. გარდა ამისა, იმ დღეს არასრულწლოვნის მშობლები - თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


