სამართალი
კახა კალაძე საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, დიასამიძე დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა საპატიმრო გირაოს გამოყენებას - ბრალდებულის მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლებას ითხოვდა.
რაც შეეხება ფაქტის გარემოებებს, პროკურორ ნინო ჟვანიას თქმით, ბრალდებულმა მეგი დიასამიძემ შავი ფერის საღებავით გააკეთა წარწერა და დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო ორი ბანერი. მისივე ინფორმაციით, თითოეული ბანერის ღირებულება 190 ლარია.
„ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები. მან დემონსტრაციულად და სხვა ადამიანების დასანახად განზრახ დააზიანა სხვისი ნივთი, რამაც განსაკუთრებული ზიანი გამოიწვია“, - განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, მეგი დიასამიძე საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევით გამოირჩევა და მიდრეკილია მსგავსი დანაშაულის ჩადენისკენ.
„მიგვაჩნია მიზანშეწონილად საპატიმრო გირაოს გამოყენება 2 000 ლარის ოდენობით, მის სრულ გადახდამდე, თანხის გადახდისთვის კი მას 20 დღე განესაზღვროს“, - განაცხადა პროკურორმა ნინო ჟვანიამ.
აღნიშნული შუამდგომლობა არ გაიზიარა დაცვის მხარემ. ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ, რომელიც სხვა რამდენიმე ადვოკატთან ერთად იცავს დიასამიძეს, სხდომაზე განაცხადა, რომ წარწერა გაკეთებიდან მალევე წაიშალა ბანერიდან და შესაბამისად, გაუგებარია, რა ტიპის ზიანის მიყენებაზეა საუბარი. ადვოკატის თქმით, აქედან გამომდინარე, რაიმე ტიპის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, მით უმეტეს პატიმრობის უზრუნველყოფით, საჭიროება არ იდგა.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით კი, საქმეს პოლიტიკური მოტივაცია აქვს და მიზანი არის ის, რომ დიასამიძემ საპროტესტო აქციებზე არ იაროს.
რაც შეეხება დიასამიძის შემოსავალს, როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, 2 000-ლარიანი გირაოს გადახდა დიასამიძეს დიდ ზიანს მიაყენებს, რადგანაც მას არ აქვს დამატებითი შემოსავალი, ის არის სტუდენტი და თანხას რეპეტიტორობით გამოიმუშავებს. დაცვის მხარემ სასამართლოს მეგი დიასამიძის დარბაზიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე დავით კურტანიძემ არ დააკმაყოფილა.
„სულ რომ დიასამიძემ აღიაროს, მე გავაკეთე წარწერა შავი პულივიზატორითო, ამ შემთხვევაშიც კი ვერ ვხედავთ, რომ შინაარსი აქვს ამ პროცესს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის მეგი (ირმა) დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


