პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთმა და საოკუპაციო რეჟიმმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები - საგარეო უწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობაზე.
საგარეო უწყების განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი პროვოკაციები მიუღებელია და მსგავსი ნაბიჯებით მოსკოვი აბრკოლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელებას.
„ვრცლად იყო განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. მათ პროვოკაციად შეაფასეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ე.წ. „საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე კომისიის“ შექმნის თაობაზე. აღინიშნა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომების მიღების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებისა და გატაცებების
მიუღებლობას. ამ კონტექსტში იყო განხილული სასულიერო პირთა თავისუფლების თვითნებურად აღკვეთა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივ მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა“, - წერია განცხადებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ორივე სამუშაო ჯგუფში ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე.
„საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებად დარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა. შეშფოთება გამოითქვა აგრეთვე გალისა და ახალგორის რაიონებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებთან დაკავშირებით“,- წერია განცხადებაში.
მათივე ცნობით, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.
„მათ ხაზი გაუსვეს ამ საკითხზე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციის მიუღებლობას. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.
მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე: „კონფლიქტთან დარეგულირების პროცესებში დამკვიდრებული პრაქტიკა და პრინციპები“ “,- აღნიშნულია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


