პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასებით კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო -სახალხო განხილვა წარმატებით დაიწყო
ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე, როცა ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი. ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე, როცა ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ეს დადასტურდა დღევანდელ განხილვაზეც. ჩვენ ვამბობდით, რომ ოპონენტებს არ აქვთ მყარი კონტრარგუმენტები არცერთ საკითხთან დაკავშირებით, არც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დადასტურდა დღევანდელ შეხვედრაზე და ამის მოწმე იყო ფართო საზოგადოება“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, ყველა მხარეს ჰქონდა კითხვების ღიად დასმის საშუალება.
„კონსტიტუცია მოიცავს ბევრ საკითხს, მათ შორის, თვითმმართველობის საკითხებსაც, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ დღევანდელ შეხვედრაზე. თუმცა, აქ საუბარია პროპორციაზე, პროპორცია იყო დაცული, ფართო საზოგადოება იყო წარმოდგენილი, ყველას ჰქონდა კითხვების ღიად დასმის საშუალება. გვახსოვს, რომ წარსულში სრულიად სხვა პრაქტიკა იყო ამასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო განხილვები წარიმართებოდა ისე, რომ პრაქტიკულად ოპონენტების მოსაზრებები არ ისმოდა ამ ფორმატში. დღეს ყველას გვქონდა იმის საშუალება, რომ თავისი კითხვები დაესვა, ყველანაირი ფორმით, მათ შორის, მწვავე ფორმით და ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი დისკუსია. აბსოლუტურად დაბალანსებული იყო დღევანდელი შეხვედრა ამ კუთხით. ამას ბუნებრივია, ყველა დაადასტურებს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა მოსაზრება, რომელიც შეხვედრაზე გამოითქვა, აუცილებლად იქნება დაფიქსირებული და შემდეგ უკვე საპარლამენტო ფორმატში მოხდება ამ საკითხების განხილვა. „საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიიღებს პარლამენტი იმ განხილვის შედეგების გათვალისწინებით, რომელიც დღეს წარიმართა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას სწორად აწვდის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ციფრებს და რიცხვებს, ხოლო რაც შეეხება ოპონენტებს, ისინი მარტივად ცდილობენ მანიპულირებას იმ ციფრებით, რომლებზეც ისინი საუბრობენ.
„როდესაც მათემატიკაზე ვერ თანხმდები, ბუნებრივია, პოლიტიკაზე მით უმეტეს ვერ შეთანხმდები. ჩვენს ოპონენტებს აქვთ თავიანთი პითაგორას ტაბულა, თავიანთი მათემატიკური მოდულები, თავიანთი განტოლების ამოხსნის ფორმულები. ჩვენ გვაქვს ის მათემატიკა, რომელსაც იზიარებს სრულიად მსოფლიო და ამ მათემატიკას დაადასტურებს ვენეციის კომისია უახლოეს მომავალში. ჩვენ სწორად ვაწვდით საზოგადოებას კონკრეტულ ციფრებს და რიცხვებს, რაც შეეხებათ ოპონენტებს, ისინი მარტივად ცდილობენ მანიპულირებას იმ ციფრებით, რომლებზეც ისინი საუბრობენ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში შეხვედრები 11 ქალაქში, მათ შორის თბილისში გაიმართება. საყოველთაო-სახალხო განხილვების მეორე ეტაპზე კი, ეს ფორმატი კიდევ უფრო გაიშლება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში.
ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შეფასებისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპონენტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით შეთავაზებულ მოდელთან დაკავშირებით პოლიტიკური და იურიდიული კონტრარგუმენტები არ აქვთ.
„მე თვითონ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემი არგუმენტები არის მყარი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ამ შეხვედრაზე ვერცერთი მყარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინე საპირისპირო პოზიციასთან დაკავშირებით, ვერცერთი მყარი არგუმენტით ვერ ასაბუთებენ ჩვენი ოპონენტები, თუ რატომ შეიძლება იყოს მიზანშეწონილი საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული გამოცდილებით, ჩვენ ვსაუბრობთ სისტემის ლოგიკით. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები და ასეთი პოლიტიკური, იურიდიული კონტრარგუმენტები არ აქვთ ოპონენტებს. ეს არის რეალობა. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი. ჩვენ ვაყალიბებთ მთლიანობაში ერთ სისტემას. ეს არის სისტემა, სადაც არის მკაფიოდ დანაწილებული ფუნქციები ხელისუფლების შტოებს შორის: ეს არის ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო. დღევანდელ რეალობაში, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი არის ძალიან სუსტი და ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ამ ცვლილებების არის ის, რომ პარლამენტი თვისებრივად ძლიერდება, და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ სისტემის არის ზეპარტიული პრეზიდენტი და სწორედ პრეზიდენტის ზეპარტიულობას ემსახურება მათ შორის პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა უამრავი არგუმენტი, ვერცერთი მყარი კონტრარგუმენტი ჩვენ ვერ მოვისმინეთ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განხილვა პლურალისტურ რეჟიმში წარიმართება და პარლამენტი ამ ფორმატისთვის აბსოლუტურად გახსნილია.
„მე რა თქმა უნდა, არაპირდაპირ ვიყავი ჩართული კონსულტაციებში, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის მონაწილეობას საყოველთაო-სახალხო განხილვაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცალმხრივად არ მივაწოდოთ ჩვენი მოსაზრებები საზოგადოებას. აქამდე პრეზიდენტი მართავდა თავის შეხვედრებს და ცალმხრივად საუბრობდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება ამ ცალმხრივი ფორმატის ჩანაცვლება ისეთი ფორმატით, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვიტყვით ჩვენს მოსაზრებებს მოსახლეობის წინაშე და გვექნება მსჯელობის საშუალება არა მონოლოგის რეჟიმში, არამედ პლურალისტურ რეჟიმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, საბოლოო წინადადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და ვართ აბსოლუტურად გახსნილი იმ ფორმატისთვის, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის ჩართულობას. მიუხედავად გარკვეული ემოციური გამოსვლებისა, დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული დისკუსია ამ ფორმატში ქუთაისში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე კონსტრუქციული დისკუსიები გაიმართება იგივე ფორმატში, სხვა ქალაქებში, პრეზიდენტის მონაწილეობით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებულ კამპანიასთან „დაიცავი კონსტიტუცია“ დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში ყველას აქვს უფლება ჩაატაროს საკუთარი კამპანია, ხოლო პარლამენტი საყოველთაო-სახალხო განხილვას კონსტიტუციით და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ეს არის პოზიტიური დღის წესრიგი და გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან. სწორედ, ამ კანონმდებლობის შესაბამისად იმართება საყოველთაო-სახალხო განხილვა. მადლობა ღმერთს, ყველას აქვს საქართველოში იმის უფლება, რომ თავისი კამპანიები ჩაატაროს, თავისი მოსაზრებები გააცნოს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ეს მათი უფლებაა და ეს უფლება უნდა განხორციელდეს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


