უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 მარტი, 2025 13:27
font-size

გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ - შს სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 1 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის თვეში, დაკავებულ - შ.ქ.-ს, დაუკავშირდა მისი მეგობარი დ.გ. და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, რომლის სანაცვლოდაც ის შესაბამის თანხას მიიღებდა.

შ.ქ. აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და 2024 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში, მას მისი მეგობრის - დ.გ.-ს სახელით დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა, სადაც მან გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შ.ქ.-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა.

პირველ ეტაპზე, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გადასცა „გუგლის“ სატელიტური ტელეფონი და მოსთხოვა, რომ მხოლოდ აღნიშნული მოწყობილობით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია. ასევე, მას გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა და დაავალა, რომ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის, მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა.

ბაჩიაშვილის მითითებით, დავალების შემსრულებელ პირს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი და იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

ბაჩიაშვილმა მას ასევე, მოსთხოვა ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინაზე ვიდეორეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა.

გამოძიებით დგინდება, რომ ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა, რამდენიმე დღე მისთვის მანქანა კონკრეტულ მისამართზე დაეტოვებინა, რა დროც მან სპეციალური სამალავის მოწყობისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ, ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გაუმხილა, რომ სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა.

წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილი და შ.ქ. საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ.

გამოძიებით დგინდება, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს, გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა.

შ.ქ. მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, მესაზღვრე-კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება.

აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით, სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან, გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, გადასცა მას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მიმდინარე წლის 5 მარტს, შ.ქ., მაშინ როდესაც ის სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას, შეაჩერეს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, რის შემდგომაც იგი დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ გამოიკითხა არაერთი პირი, რომელთაც შესაძლოა რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. პოლიციის მიერ, ამოღებულია ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული პირი გადაადგილდებოდნენ.

ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 25-344-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი