საზოგადოება
გადავდგათ ეს ნაბიჯი. დრო ამას ითხოვს. ისტორია ამას დააფასებს! - თემურ შაშიაშვილი
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარემ, თემურ შაშიაშვილმა, წერილი გაუგზავნა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინაივანიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს,რომელშიც მეცნიერთა ჯგუფის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ კვლევისა საფუძველზე გაკეთებულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მდგომარეობიდან გამოსვლის მეცნიერთა ხედვა, რომელსაც ის სრულად იზიარებს.
წერილის შეფასებით ნაწილში ნათქვამია:
„დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც, კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, შეეძლება სისტემური ცვლილებების განხორციელება, რადგან სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა შიდა და გარე ვალდებულებებითაა დატვირთული. ასეთ პირობებში და არსებული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, ძალიან დიდი ალბათობით, მივალთ ქუჩის აქციებამდე, ან დიქტატურისკენ მიმავალ საშიშ მშვიდობამდე...“
მეცნიერებს აქვთ გამოკვეთილი პოზიცია: ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მისვლას, ისე, როგორც ეს გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დემოკრატიულმა ქვეყნებმა. მეცნიერები მთავარ ამოცანად თვლიან ინტელექტუალური პოტენციალის მოქმედებაში მოყვანას, ქვეყნის შესაძლებლობათა მაქსიმუმზე ორიენტირებული მართვის სისტემის შექმნას და არნახულად დარღვეულ თაობათა ერთიანობის აღდგენას, დაპირისპირების პოლიტიკიდან თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე გადასვლას.
ამ მიზნით, მეცნიერები გვთავაზობენ:
პირველი - „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნის იდეას, რაც ნიშნავს ამ ეტაპზე, დროებით, 2 მაქსიმუმ 4 წლით, უარის თქმას პარტიულ პარლამენტზე და პროფესიონალთა, პიროვნებათა პარლამენტის შექმნას. პარტიები თანხმდებიან ერთიანი საპარლამენტო სიის შედგენაზე, რომელშიც უნდა შევიდნენ მაღალი რეპუტაციის პროფესიონალები რათა ხალხს ჰქონდეს საშუალება, გააკეთოს არჩევანი. ასეთივე წესით, უნდა წარიმართოს მაჟორიტართა არჩევაც. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს შეუძლიათ დააყენონ თავიანთი კანდიდატურები მაჟრიტარულ საარჩევნო ოლქებში.
მეორე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და დარგობრივი მეცნიერებათა აკადემიების პატრონაჟით, ჩამოყალიბდეს ქვეყნის განვითარების დეტალური პროგრამა. ორი წლის თავზე ტარდება ნდობის რეფერენდუმი და თუ მოსახლეობა დარწმუნდება, რომ მის მიერ დამტკიცებული პროგრამა სრულდება, გაუგრძელებს ვადას პარლამენტს, თუ არადა, ცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნები.
მესამე - განსაკუთრებული უნდა იყოს პარტიების როლი, რომლებიც არ იქნებიან პარლამენტში, მაგრამ ერთიანდებიან „პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეაში“ (სახელწოდება პირობითია), სადაც მიმდინარეობს შეთანხმება ხალხის ინტერესების გამომხატველ კონსტიტუციასთან, „ქართულ დოქტრინასთან“ და ყველა იმ პროგრამულ კანონპროექტთან (განათლების პრიორიტეტულობა, საფინანსო და ეკონომიკური სისტემების დეცენტრალიზაცია, საბანკო სისტემის რეფორმა, ბიზნესის მხარდაჭერა) დაკავშირებით, რომელთა მიზანი უნდა იყოს ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა და ადამიანის დაცულობის უზრუნველყოფა.
მეოთხე - იქმნება „სახელმწიფო კაცების“ (ილია ჭავჭავაძე) საკრებულო. რომლის იდეა ეკუთვნის საქართველოს პატრიარქსა რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანას ჰყავს სუფთა წარსულის, ეროვნული აზროვნების და ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთგული უფროსი თაობის არაერთი წარმომადგენელი, რომელთა ერთობას სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყნის ცხოვრებაზე საერთოდ. ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სწორედ ამ ინსტიტუტის მოსაზრებათა გათვალისწინებით უნდა მიიღოს.
დასკვნით ნაწილში ნათქვამია
„ამ მოსაზრებებს ვაყალიბებ მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამებზე დაყრდნობით და იმ ადამიანთა უმრავლესობის სახელით, ვინც ხელი მოვაწერეთ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოში იმ განწყობისა და იმედის დასაბრუნებლად, რომელიც სუფევდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს და როცა დეპუტატები ხელს ვაწერდით დამოუკიდებლობის აქტს....ჩვენს წინაშე დღეს ორი შესაძლებლობაა: ვიბრძოლოთ საკუთარი გამარჯვებისთვის, რაც კრიზისს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ან ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მეორეს ავირჩევთ და ეს იქნება სწორედ ახალი პოლიტიკური განზომილება.
ვაღიაროთ, რომ ბიუროკრატიული და ძალოვანი სტრუქტურების ელიტის მმრთველობამ, ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით ხელისუფლებათა ფორმირების ოცდაათწლიანმა პრაქტიკამ დამანგრეველი როლი ითამაშა ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი, ქართულ ცნობიერებაზე. და კიდევ ერთი, მსოფლიო გამოცდილებიდან ცნობილია, რომ არაერთი ხელისუფლება, მათ შორის ბევრი თავიდან ხალხის ნდობით აღჭურვილი და პროგრესულად განწყობილიც, საბოლოოდ, დაღუპა ტაშისმკვრელთა, დითირამბების მომღერალთა და ქამელეონთა გარემოცვამ. ეს საფრთხე დღეს რეალურად იკვეთება, თუმცა, ჩვენ ყველას ერთად, გვაქვს სიტუაციის რადიკალურად შეცვლის შანსი. ამ შესაძლებლობათა ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
გადავდოთ პირადი წყენა. „სიმდაბლით ავმაღლდეთ“, გავიმარჯვოთ სხვაზე კი არა, საკუთარ თავზე. დავაჯეროთ საკუთარი თავი იმაში, რომ ყველანი საჭირო ვართ ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ სამშობლოს ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს დასაკარგი. მთავარი წინას დამარცხება კი არა, არამედ ისაა, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ხალხის და ქვეყნის ცხოვრება.
გავერთიანდეთ არა ერთის ან ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ სამშობლოსათვის. გადავდგათ ეს ნაბიჯი. დრო ამას ითხოვს. ისტორია ამას დააფასებს!“- ნათქვამია „თეთრების“ ლიდერის ვრცელ მიმართვაში, რომელიც დაეგზავნა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებებს, ცალკეულ პოლიტიკურ პარტიათა თავმჯდომარეებს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


