უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2025 18:59
font-size

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების გამო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე პორტოს დეკლარაცია მიიღო. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა“.

რეზოლუციის თანახმად, „ასამბლეა შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად არჩევნების შედეგებს“.

„რეზოლუცია გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის.

ასამბლეა შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო.

გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით.

აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს და ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას.

ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია ევროკავშირის (EU) საწინააღმდეგო მზარდი რიტორიკის გამო და მას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს.

უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცებით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: „სიტუაციის დეესკალაციისკენ და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად; პატივი სცენ შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან; დაუბრუნდნენ ევროკავშირის ინტეგრაციის გზას“.

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულებას აჩვენებს და საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროპაში ხედავს.

„ასამბლეა დეკლარაციაში ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რაც შეეხება უშუალოდ დეკლარაციას, პორტოს დეკლარაციაში საქართველოს რამდენიმე პუნქტი ეთმობა.

კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაუყოვნებლივ გაყვანისკენ, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომისკენ, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“.

ასამბლეა დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.

„ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „არჩევნებს“, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომლებიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, რომელიც ხასიათდება დემოკრატიული უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერებით და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვებით, გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სასამართლო ჩარევას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ევროპულ მისწრაფებებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას, ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონის გაუქმებით.

გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების განვითარების გამო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების გამო, რომლებიც აღირიცხა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.

ასევე, ასამბლეა მიესალმება ეუთო-ს ვენის მექანიზმის ამოქმედებას საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც, ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა. ასამბლეა აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი