პოლიტიკა
ე.წ. დომინოს ეფექტს, რაზეც იყო ერთგვარი სპეკულაციები, ნამდვილად არ ველოდებით - დავით დონდუა სირიის „აღიარებაზე“
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას თქმით, სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას დომინოს პრინციპი არ ექნება.
„სირია მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემაა. რაც შეეხება ასადის რეჟიმის ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ჩვენთვის გასაკვირი არ იყო. ამის ნიშნები იყო, განსაკურებით 2015 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და სწორედ მისი და პირადად პუტინის მეშვეობით ერთგვარად გაიმაგრა პოზიციები ბაშარ ალ ასადმა. აქედან მოყოლებული სულ იყო იმის საფრთხე, რომ ასადის რეჟიმს შეიძლებოდა, „ეღიარებინა“ აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ მიმართულებით, როგორც ორმხრივად სირიასთან, ასევე ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, თუმცა რაც დრო გადიოდა, უფრო იზოლირებული ხდებოდა ასადის რეჟიმი, სულ უფრო ნაკლები სიტყვა ეთქმოდათ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს. ერთადერთი ვისაც მიჰყავდა „პარადი“, ეს იყო კრემლი, რომელმაც თავისი შანტაჟის, პროვოკაციისა და ზეწოლის შედეგად მოახერხა, რომ ასადის რეჟიმს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ეღიარებინა, რასაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ აქვს. თვითონ ასადის რეჟიმს არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო და მით უმეტეს, მის მიერ დადებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი თავიდანვე ძალადაკარგულია. რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა ამას რამე გავლენა რეგიონში, შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ამას არ ველოდებით, თუმცა მანამდეც, დღესაც და მომავალშიც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ასევე დანარჩენ სამყაროსთან იმისათვის, რომ ჩვენი არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს ისევე წარმატებულად, როგორც ეს აქამდე იყო“, - განაცხადა დონდუამ პარლამენტში, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი მოსმენა თემაზე „საქართველოს არაღიარების პოლიტიკა“ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
მან განაცხადა, რომ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცდილობს იმ ქვეყნების გამონახვას, ვინც მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს „აღიარებს“.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, როგორც სპარსეთის ყურისა და არაბეთის სახელმწიფოებთან ორმხრივ რეჟიმში, ასევე, იქ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ყველგან ვართ რაიმე სახით წარდგენილი, აკრედიტებული, გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმები, ჩვენი ელჩები აქტიურად მუშაობენ, ჩვენი პარტნიორებიც აქტიურად არიან ამაში ჩართული და ე.წ. დომინოს ეფექტს, რაზეც იყო ერთგვარი სპეკულაციები, ნამდვილად არ ველოდებით. თუმცა ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში კიდევ არსებობენ სხვა დანაშაულებრივი რეჟიმები, შეუმდგარი სახელმწიფოები, კვაზი სახელმწიფოები, მოწყვლადი სახელმწიფოები, სადაც მოსკოვს გააჩნია გარკვეული ფინანსური, სამხედრო, პოლიტიკური ბერკეტები და შანტაჟის საშუალება, ამიტომ ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს ყველა ასეთი ქვეყანა, რეგიონი, ორგანიზაცია და ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მუშაობის შედეგია ის, რომ მიუხედავად მოსკოვის ასეთი დიდი ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური ძალისხმევისა, სულ რამდენიმე სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც მოსკოვს სურდა“, - განაცხადა დონდუამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


