პოლიტიკა
ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება - ირაკლი კობახიძე
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, რაც საყოველთაოდ არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნაზე.
როგორც ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გასული 26 წლის განმავლობაში საქართველოში თვისებრივად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები.
„ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების როლი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ. საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ერთგული არიან დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. სახელმწიფოებრიობის 26-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანა გადადის დემოკრატიული კონსოლიდაციის თვისებრივად ახალ ეტაპზე. საქართველოში ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება. მისი მიზანია, ქვეყნის ძირითადი კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან, სახელმწიფო მმართველობის ფორმის დახვეწა, საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და შედეგად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილის დამკვიდრება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კონსტიტუციური დემოკრატია არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა.
„დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მმართველობა რეგიონული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისათვის ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას. მათ სჯერათ, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით მოქმედება უფრო წარმატებული და შედეგიანია. „ისინი, ვისაც არ ახსოვთ წარსული, განწირული არიან მისი გამეორებისთვის“ - ესპანელი ფილოსოფოსის ჯორჯ სანტაიანას ეს ფრაზა, ალბათ, არასდროს ყოფილა ასეთი აქტუალური. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თანამშრომლობის პირობებში უსაფრთხოების ხარისხი იზრდება და პირიქით, თანამშრომლობაზე უარის თქმას ყოველთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს. ამ ისტორიული გამოცდილებით შეიარაღებულებს ჩვენ მყარად გვწამს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობით, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი განზომილება რეგიონული თანამშრომლობაა.
„გულწრფელი, მჭიდრო და კონსენსუსზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობა იძლევა ერთმანეთის ინტერესების გაზიარების, პოზიციების დაახლოებისა და კონფლიქტების პრევენციის საუკეთესო საშუალებას. ევროკავშირი ამ მიდგომის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. ევროპულმა პროექტმა ბევრ ისტორიულ ქარტეხილს, გამოწვევასა და სირთულეს გაუძლო და უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვითარდება. სწორედ ევროკავშირის დამსახურებაა ევროპაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამ მიღწევას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭიროება. ამისათვის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების დეესკალაციას და ახალი კონფლიქტების პრევენციას. მართალია, საქართველოში ამჟამად არ გვაქვს კონფლიქტების ე.წ. ცხელი ფაზა, თუმცა, როგორც თანამედროვე ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი იტყოდა - „მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არარსებობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში კვლავ მიმდინარეობს ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ასეულათასობით მოქალაქეს ეზღუდება ფუნდამენტური უფლება - არ ცხოვრობდეს დევნილობაში საკუთარ სამშობლოში.
„მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მის ევროპულ გზაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენი ხელისუფლების ისტორიული მისია. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ საინტერესო და სიღრმისეული დისკუსია გავმართოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


