სამართალი
ბუცხრიკიძემ თქვა, მართალია მე ვარღვევ კანონს, მაგრამ გავცემ ამ თანხას, სხვა გზა არ მაქვსო - გიორგი ქურდაძე
ომეგა 2 -ის გენერალური დირექტორი, გიორგი ქურდაძე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, თიბისი ბანკში თანხის გაცემა საღამოს 8 საათამდე ხდება.
გიორგი ქურდაძემ “მედიანიუსთან” საუბარში განმარტა, თიბისი ბანკში მუშაობს ორი სქტორი - ერთი ფიზიკური პირებისთვის - 20:00 საათამდე, მეორე - იურიდიული პირების მომსახურების სექტორი კი, მუშაობას 18:00 საათზე წყვეტს.
შესაბამისად, ომეგა 2-ის დირექტორის თქმით, ვინაიდან საქმე ეხებოდა კომპანიის ანგარიშიდან თანხის გატანას, მომსახურება უნდა მომხდარიყო იურიდიულ სექტორში.
საუბარია, 2016 წლის აპრილში კომპანია ,,ოლიმპუსის“ ანგარიშიდან ჯამში 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი დოლარის გატანაზე, რომელიც როგორც რამდენიმე დღის წინ ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა აღნიშნა, მისგან ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა.
გიორგი ქურდაძემ დეტალურად გაიხსენა 2016 წლის 21 აპრილი, როდესაც მარჯანიშვილზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ახლად შექმნილი კომპანია ,,ოლიმპუსის“ დირექტორებთან ალექსანდრე ხაჩიშვილთან და დავით ფანქველაშვილთან ერთად მივიდა. მათ თან ახლდნენ ასევე ოჯთ-ს დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე და ლევან ყიფიანი.
ომეგა 2-ის დირექტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ახლად შექმნილი კომპანიის წარმომადგენლებს იმ მომენტისთვის არ გააჩნდათ სრულყოფილად დოკუმენტაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, მათზე თანხა მაინც გაიცა, თანაც არასამუშაო დროს.
,, მარჯანიშვილზე, ცენტრალურ ფილიალში თიბისი ბანკის არის 2 სექტორი; ერთი არის, რომელიც ემსახურება ფიზიკურ პირებს და მეორე, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს.
იურიდიული პრების მომსახურების სექტორი მუშაობს 18: 00 საათამდე, მისი საოპერაციო განყოფილებაც.
ჩვენ არ მოგვცეს ეს თანხა მაშინვე, ვინაიდან საბუთები არ იყო წესრიგში, აკლდა Incumbency-ის სერთიფიკატი და ანგარიში არ იყო აქტიური. შესაბამისად, მოგვიწია ლოდინი. რომ მივედით შუადღეს, დაახლოებით 2 საათზე, 6 საათამდე ეს ნებართვა, რომელსაც ელოდებოდა ოპერატორი და სალარო, რომ მიეცათ შესაბამის დეპარტამენტებს, არ მოუვიდა. ამიტომ, ის განყოფილება დაიხურა და შემდეგ უკვე როცა მოვიდნენ ხაზარაძე და ბუცხრიკიძე, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს თანხა გაცემულიყო. ეს იყო უკვე დაახლოებით საღამოს 8-ის 20 წუთზე“, - განაცხადა ქურდაძემ.
მისი თქმით, ის, რომ თანხის გაცემა კანონდარღვევით ხდებოდა, დაადასტურა, თავად ადგილზე მისულმა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემაც.
,,ბუცხრიკიძემ თქვა, მართალია მე ვარღვევ კანონს, ვარღვევ რეგულაციებს, მაგრამ მე გავცემ ამ თანხას, სხვა გზა არ მაქვსო. ჩვენ რომ დავინტერესდით, რომ დახურულია იურიდიული მომსახურების სექტორი და რანაირად უნდა მიგვეღო თანხა, გვითხრა, რომ ამ თანხას მიიღებთ ფიზიკური პირების სექტორიდანო. გაგვაგზავნეს ფიზიკური პირების მომსახურების სექტორის მხარეს და იქიდან მოხდა ამ თანხის გამოტანა.
სანამ ეს პროცედურა ჩავამთავრეთ - თანხის მიღების, ჩათვლის, ჩალაგებისა, ბანკი უკვე დაკეტილი იყო. კლიენტებს აღარ უშვებდნენ ბანკში. ვინც დარჩენილი ვიყავით ბანკში, ისინი გავდიოდით.რეალურად ვიყავით მარტო ჩვენ - დავით ფანქველაშვილი, ალექსანდრე ხაჩიშვილი, ნიკოლოზ ასანიძე, მე - გიორგი ქურდაძე და ლევან ყიფიანი.
მეორე კითხვა ასეთი ისმის ბატონ ხაზარაძის მიმართ, თუკი ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვქონდა, რასაც ის ამბობს, თუკი ჩვენ პრობლემა არ გვქონდა, დოლარებში მილიონების გატანის, რატომ არ მოგვცეს ეს თანხა, როცა მივედით მაშინვე და რატომ გვალოდინეს 6 საათი? ეს ხდება მაშინ, როცა ანგარიში აქტიური არ იყო, რეგულაციები რომ არსებობს და კანონები, რომელთა მიხედვიღაც მან უნდა იმოქმედოს. თვითონვე გვითხრა ბუცხრიკიძემ, ვარღვევ მე ამას ყველაფერსო, მომიწევსო ამაზე ახსნა-განმარტებების მიცემა უცხოეთშიო, შემეკითხებიან, სპეციალური ფორმები ივსებაო.
რაც შეეხება თანხის გამოტანის შემდგომ პროცესს, ის ხაჩიშვილმა გამოიტანა და ლევან ყიფიანის მითითებით ჩადო მანქანაში, რომელიც მოვიდა იქ“, - განაცხადა ქურდაძემ.
მისივე თქმით, 21 აპრილს თანხის მხოლოდ ნაწილის გატანა მოხერხდა, თანხის დარჩენილი ნაწილის მიღება კი, მომდევნო დღეს მოხდა.
,,იმ დღეს გვითხრეს, რომ თანხა მთლიანად არ ჰქონდათ და მეორე დღეს დაგვირეკეს, მობრძანდითო, მივედით და ნახევარ საათში გამოვედით ბანკიდან“, - ამბობს გიორგი ქურდაძე.
არსებული დოკუმენტაციის, კერძოდ, ქვითრების თანახმად, პირველი ტრანზაქცია — 1მლნ აშშ დოლარი — 2016 წლის 21 აპრილის საღამოს 8-ის 22 წუთზეა შესრულებული. მეორე ტრანზაქცია (781 000 აშშ დოლარი) კი- მეორე დღეს, 22 აპრილს 12:25 საათზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


