პოლიტიკა
არ არსებობს ექსპერტის „პირველადი“ ან „შუალედური“ დასკვნები - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაზე
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცედურებზე განმარტება გააკეთა.
გავრცელებულ განცხადებაში ბიურომ განმარტა, რომ ის არ ამზადებს „პირველად“ ან „შუალედურ“ დასკვნებს, ხოლო საბოლოო დასკვნას ექსპერტი კვლევების დასრულების შემდგომ ამზადებს.
„უპირველეს ყოვლისა, გვინდა განვაცხადოთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ისეთივე ტრაგედიაა ექსპერტიზის ბიუროს თითოეული თანამშრომლისა და ექსპერტისთვის, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
რამდენიმე განმარტება გვინდა გავაკეთოთ ექსპერტიზის პროცედურებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ხშირად და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საზოგადოების მიერ ისმის კითხვები, რატომ არ მზადდება „პირველადი“, „შუალედური“ დასკვნები.
ექსპერტის დასკვნა არის სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის (ექსპერტის) მიერ შესაბამისი კვლევის ჩატარების საფუძველზე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც პასუხს იძლევა ექსპერტის წინაშე დასმული კითხვების თაობაზე. აღნიშნული კი შესაძლებელია მხოლოდ საჭირო კვლევების სრულად დასრულების შემთხვევაში.
ექსპერტიზა ტარდება დამკვეთის მიერ წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით. ამდენად, არ არსებობს „პირველადი“, „შუალედური“ ექსპერტის დასკვნები. ექსპერტიზის პროცესში საჭირო კვლევების სრულად დასრულებისა და გაანალიზების შემდგომ მზადდება ექსპერტის დასკვნა. ექსპერტის დასკვნის დასრულების შემდგომ დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტეს, რომ გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზების დასკვნა ეკუთვნის საგამოძიებო ორგანოებს და ბიურო არ არის უფლებამოსილი, საჯარო კომენტარი გააკეთოს კონკრეტულ საქმეებზე.
„ასევე, გვინდა განვმარტოთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა ეკუთვნის დამნიშნავს. გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზების დასკვნა ეკუთვნის საგამოძიებო ორგანოებს. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არ არის უფლებამოსილი, რაიმე სახის განმარტება, კომენტარი გააკეთოს საჯაროდ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ან ექსპერტიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს არადამნიშნავ პირს/ორგანიზაციას კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები არიან ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, არიან საქართველოს მოქალაქეები, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი, მტკივნეული და პრიორიტეტულია ბიუროს ექსპერტებისთვისაც.
კიდევ ერთხელ დიდ გულისტკივილს გამოვთქვამთ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო და ჩვენი მხრივ, გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ როგორც ამ შემთხვევაში, ისევე სხვა ექსპერტიზების მიმართ ბიუროს ექსპერტები თავისი მაღალი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით აკეთებენ ყველაფერს, რათა მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უტყუარი და მაღალკვალიფიციურ ექსპერტიზის დასკვნები“, – აღნიშნულია ბიუროს განცხადებაში.
არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს ორ მოქალაქესთან ერთად ოკუპირებულმა ძალებმა 22 თებერვალს გაიტაცეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ. ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს თუთქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადასცეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


