საზოგადოება
ანკი როგორ მიგვატოვებენ - ნოდარ მგალობლიშვილს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ნოდარ მგალობლიშვილს დღეს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ნოდარ მგალობლიშვილი 26 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გთავაზობთ მწერალ როსტომ ჩხეიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ნოდარ მგალობლიშვილის ხსოვნისადმია მიძღვნილი.
„უჯუშ ემხა უღვთოდ უნდა განწირულიყო თავისი პიროვნული ღირსების დაცვისათვის. დამუქრებოდა სოხუმს რუსული კრეისერი დაბომბვით, თუ უჯუშს არ გადასცემდნენ. და თანამოქალაქენი გადაწყვეტდნენ უჯუშის ჩაბარებას თავიანთი ტყავის გადასარჩენად.
ასე იქნებოდა ლეო ქიაჩელის ნოველაში "ჰაკი აძბა" .
ასეც გადავიდოდა სპექტაკლში და სცენაზე.
და შიშისა და ტერორის, განწირულებისა და ფარისევლობის, ზნედაცემულობისა და უიმედობის ამ ფონზე უეცრად უნდა ამომართულიყო ჰაკი აძბა:
- ნუ გეშინია, უჯუშ!
ეს იქნებოდა მშვიდი, მტკიცე ხმა, ფოლადჩაღვრილი, და უკვე გრძნობდი, ყველაფერი არ დაკარგულიყო, რადგანაც დარჩენილიყო კაცი, ვისი იმედიც უნდა ჰქონოდა ყველა დევნილსა და ყველა განწირულს.
- ნუ გეშინიათ, ხალხო!
ასე მოისმოდა ის ფრაზა, თავისთავად რომ განზოგადდებოდა, რადგანაც წარმოთქვამდა კაცი, ვისაც არ სჭირდებოდა ეთამაშა ჰაკი აძბას როლი, რაკიღა სავსებით კმაროდა, რომ განესახიერებინა თავისი თავი.
ვიცით დიდებული ხელოვანნი, რომელთა ცხოვრების წესიც ვერ ყოფილა მაინცდამაინც სანიმუშო.
ვიცით წესიერი, ნამუსიანი პიროვნებანიც, რომელთაც შესაფერისი კვალი ვერ დაუტოვებიათ ხელოვნების სარბიელზე.
მაგრამ ხომ არიან მცირედნი, მაგრამ მაინც არიან, რომელნიც ერთნაირი მონუმენტურობით წარმოგვიდგებიან პირადი ცხოვრებითაც და სახელოვნებო ღვაწლითაც, ჰარმონიულად რომ შეზავებია ერთიმეორეს.
ასეთ გამონაკლისთა შორის ყოველთვისაც გვიგულისხმია ნოდარ მგალობლიშვილიც.
ნუ გეშინია, უჯუშ!
იცოდა თავისი ხელობის ბევრი საიდუმლო და შეეძლო განესახიერებინა თუნდ თეიმურაზ ხევისთავი ისე, მიხეილ ჯავახიშვილს როგორც ჩაეფიქრებინა და რეჟისორს როგორც განესაზღვრა, ამჯერადაც ზუსტად მორგებოდა თემურ ჩხეიძისეულ გადაწყვეტას, ახალი დროის იესო ქრისტედ რომ წარმოგვიდგებოდა ეკრანზეც და სცენაზეც.
ნუ გეშინიათ, ხალხო!
და იაგოსთვისაც ისევე შეესხა ხორცი, უილიამ შექსპირს როგორც ჩაეთქვა და რეჟისორსაც როგორც განესაზღვრა. სათნო სახით გამოგვცხადებოდა ბოროტების ეს საწყისი და არამარტო ოტელო მოეტყუებინა თავისი მომხიბვლელობით, არამედ მაყურებელიც "გაეცურებინა", ტაშით რომ ეგებებოდა მის ყოველ გამოჩენას.
გვსმენოდა, როგორ ინგრეოდა დარბაზი იაგო-უშანგი ჩხეიძის ხილვისას.
და შევსწრებივართ, როგორ ინგრეოდა დარბაზი აწ უკვე იაგო-ნოდარ მგალობლიშვილის ხილვისას.
ამიტომაცაა, რომ ასეთი გაუბზარავი ტალანტები არსადაც არ მიდიან, ანკი როგორ მიგვატოვებენ. ისინი აგრძელებენ სიცოცხლესაც და ადამიანების, საზოგადოების სულიერ ამაღლებასაც და გაკეთილშობილებასაც.
ნუ გეშინია, უჯუშ!
ხალხო, ნუ გეშინიათ!“ - დაწერა როსტომ ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


