პოლიტიკა
2016 წელს პრემიებისა და დანამატების გაცემა გასულ წელთან შედარებით მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა - აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავის დასკვნაში - 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე მიმოიხილა საბიუჯეტო ორგანიზაციებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლის მიმართულებით წარმოდგენილი ცვლილებები, რაც გულისხმობდა ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში ადმინისტრაციული და შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირებას.
როგორც აუდიტის სამსახურში აღნიშნავენ, 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით „შრომის ანაზღაურების“ მუხლზე გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ 1,393.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 49.8 მლნ ლარით (3.5%-ით) ნაკლებია 2016 წელთან შედარებით. წარმოდგენილი პროექტით, 54 საბიუჯეტო ორგანიზაციის (მთლიანი ოდენობის 23.6%) შემთხვევაში 2017 წელს იგეგმება „შრომის ანაზღაურების“ მუხლის შემცირება 10%-თა და მეტი ოდენობით, 105 საბიუჯეტო ორგანიზაციის (45.9%) შემთხვევაში შემცირებას ადგილი აქვს 0%-დან 10%-მდე ოდენობით, 70 უწყების (30.6%) შემთხვევაში კი - იგეგმება შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა ან იგივე მოცულობით შენარჩუნება.
უწყების ინფორმაციითვე, 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში „შრომის ანაზღაურების“ ხარჯების შემცირების მიუხედავად, უმეტეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა გეგმური რიცხოვნობა უცვლელი რჩება.
,,შესაბამისად, გაურკვეველია თუ რის საფუძველზე გეგმავს მთავრობა შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირებას’’, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
აქვე აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები შრომის ანაზღაურების შემცირების თაობაზე არ გულისხმობს საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის სახელფასო განაკვეთის შემცირებას, არამედ, ხარჯების ოპტიმიზაციას სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზით.
,,რამდენადაც მომავალი წლის ბიუჯეტის კანონი ამჟამად განხილვის პროცესშია, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, რომ გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად აღემატება წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა საშტატო რიცხოვნობას. აღნიშნულის შედეგად, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები ან აუთვისებელი რჩება ან ნაწილდება თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების სახით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „შრომის ანაზღაურების“ მუხლის დაგეგმვის პროცესში მოხდეს საშტატო რიცხოვნობის რეალური მაჩვენებლების განსაზღვრა და მიმდინარე წლის განმავლობაში შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინება, რათა თავიდან იქნეს აცილებული წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით თავისუფალი საშტატო ერთეულების არსებობა და უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენება’’, - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, 2016 წელს როგორც პრემიების, ასევე, დანამატების გაცემა გასულ წელთან შედარებით ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა.
აქვე აღნიშნულია, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს როგორც პრემიის, ისე დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით გაცემის ფაქტებს.
აუდიტის სამსახურის გაცხადებით, უწყების ანგარიშები ცხადყოფს, რომ გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ პრემიის გაცემა ხდება სათანადო დასაბუთების გარეშე, ხოლო დანამატების გაცემის შემთხვევებში უწყებების მიერ ვერ ხდება დანამატების დანიშვნის მიზანშეწონილობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა.
,,ასევე, უმეტეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ადგილი აქვს კონკრეტულ თანამშრომლებზე წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნის ფაქტებს, რაც თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის’’, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


