პოლიტიკა
105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი „მეხუთე კოლონა“ რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად, იცვლება მეთოდები, იცვლება ფორმები, მაგრამ უცვლელია მიზანი – სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან - შალვა პაპუაშვილი
დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ აიღო თბილისი და საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძალით ჩაახშო. დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რესპუბლიკად გადაიქცა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიდა დაპირისპირებაში ბოლშევიკებმა დაამარცხეს მენშევიკები და საქართველო 70 წლით ახალი იდეოლოგიისა და წითელი იმპერიის ტყვეობაში აღმოჩნდა.
ამ 70 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნა ინდუსტრია, წარმოება, განვითარდა ეკონომიკა, გაძლიერდა განათლება, ახალ სიმაღლეზე ავიდა ხელოვნება, კულტურა, მემკვიდრეობაზე ზრუნვა. საბჭოთა წიაღშივე აღორძინდა ქართული ნაციონალიზმი და ეროვნული თვითშეგნებაც, რომლის ფესვებიც ღრმად იყო გადგმული წინა საუკუნეებში. ჩვენ გვყავდა მეცნიერთა, ინტელიგენტთა, ხელოვანთა და კულტურის მოღვაწეთა არაერთი დიდებული პლეადა.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვქონდა მთავარი – დამოუკიდებლობა.
არასოდეს, ჩვენი ისტორიის მანძილზე ქართველს არ მიუტოვებია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ იმპერიულ სივრცეში უხდებოდა არსებობა.
25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა.
მეტიც, ჩვენი დამოუკიდებლობის ხიშტით ხელყოფას დაემატა მისი სიტყვით ხელყოფა, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას – ქართველთა ტვინების ოკუპაცია, კომუნისტური ინტერნაციონალი ჩაანაცვლა ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, თბილისის თავზე წითელი დროშის აღმართველი ორჯონიკიძე კი, უცხო დროშების მოფრიალე უსამშობლოებმა.
ისტორია გვაჩვენებს, რომ გარე აგრესია შიდა სისუსტით ძლიერდება. ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი „მეხუთე კოლონა“ რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, იცვლება ფორმები, მაგრამ უცვლელია მიზანი – სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან.
25 თებერვალი აუცილებლად უნდა იყოს ამის შეხსენებაც.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა ვითარებაში ვცხოვრობთ, უნდა გვახსოვდეს რა ფასი გადაიხადა საქართველომ თავისუფლების სიყვარულისთვის, უნდა ვიცოდეთ დამოუკიდებლობის ნამდვილი ღირებულება.
დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს.
25 თებერვალი ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


