კომენტარი
სამწუხარო არის ის, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე - კახა კალაძე
ის რაც ვნახეთ, იქ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპონენტებისა და ექსპერტების მხრიდან ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, დამაზიანებელი და ძალიან საშიში განცხადებები კეთდება.
„ძალის რომელ გადამეტებაზე ვლაპარაკობთ, ის რაც ვნახეთ, იქ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება. სამწუხარო არის ის, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ჩემი მინისტრობის დროს ბევრი პროექტი განვახორციელეთ პანკისის ხეობაში. იყო გაზიფიცირების სამუშაოები, ელექტროფიცირება, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება, იყო სოფლები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით პრობლემები იყო.
ყოველთვის, როცა ჩავდიოდით და ამ პროექტებს ვახორციელებდით, ძმობის და მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა, სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული. შესაბამისად, ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ცდება ყველაფერს. ყველა იმ ადამიანმა, ვისაც დანაშაული მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს. არავის ეპატიება პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. შესაბამისად, კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ",- განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე - იკვეთება თუ არა ნათია თურნავას პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც ოპოზიცია ითხოვს, კალაძემ განაცხადა: „თურნავა რა შუაშია საერთოდ?“
„ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო, როდესაც ქვეყანაში ინვესტიციები ხორციელდება, ყველა ინვესტორის ინტერესი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. თუ ქვეყანაში არსებობს ინსტიტუტები, კანონი, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს, დაემორჩილოს კანონს. რას ნიშნავს მე არ მინდა, შენ გინდა? არის შესაბამისი სამსახურები, რომელიც გასცემს ნებართვას, ხდება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტაციის მომზადება, განხილვები, სხვანაირად არ გამოვა.
ზოგადად, ვინმეს პასუხისმგებლობაზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ რომ მიდის მიზანმიმართული პროპაგანდა ჰესების წინააღმდეგ, ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან მიმართებაში. ჩვენ ხომ ვართ ამ ქვეყნის შვილები, ხომ გვიყვარს და ძალიან მარტივია - დღეს ჩვენ გვაქვს ელექროენერგიის დეფიციტი, როდესაც გვაქვს წყლის უამრავი რესურსი, უნდა მოხდეს ამის რაციონალური გამოყენება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, აზერბაიჯანზე, როდესაც საკუთარი რესურსი გაგვაჩნია? ყველა სწორად მოაზროვნე ადამიანი ამას აანალიზებს, რომ ეს რესურსი სწორად უნდა გამოვიყენოთ. მეტიც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია გავიტანოთ სხვადასხვა ქვეყნებში, თურქეთში ან თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებები კეთდება.
„შეიძლება „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, იყო ოპონენტი, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომელსაც არ უნდა გასცდე. პირველი - არსებობს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ინტერესი. მე დავინახე ბევრი ექსპერტის, პოლიტიკოსის და ოპონენტის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, რაც დამაზიანებელი და ძალიან საშიშია“, - განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


