მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება გაუუქმა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 22 მაისს ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება მას შემდეგ გაუუქმა, რაც უნივერსიტეტმა რამდენიმე უცხოეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.
ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, კრისტი ნოემის ბრძანებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა 2025-2026 სასწავლო წლიდან უნდა შეჩერდეს.
გადაწყვეტილების შედეგად, ჰარვარდში ამჟამად მყოფ უცხოელ სტუდენტებს სხვა უნივერსიტეტებში გადასვლა ან ლეგალური სტატუსის დაკარგვა მოუწევთ.
ნოემმა ჰარვარდი "ძალადობის წახალისებაში, ანტისემიტიზმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში" დაადანაშაულა.
"უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება პრივილეგიაა და არა უფლება". - განაცხადა მინისტრმა.
ნოემმა უნივერსიტეტს მისწერა, რომ მას შეუძლია სერტიფიკატის აღდგენა, თუ უნივერსიტეტი 72 საათში უცხოელი სტუდენტების შესახებ მასალებს წარადგენს. მინისტრი, მათ შორის, იმ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებს ითხოვს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქტივობებს ასახავს.
ჰარვარდმა მთავრობის ქმედება "უკანონოდ" შეაფასა და განაცხადა, რომ იგი "უცხოელი სტუდენტებისთვის განათლების უზრუნველყოფის ერთგულია".
"ეს შურისმაძიებელი ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, აფერხებს ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას". - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
2024-2025 სასწავლო წელს ჰარვარდში დაახლოებით 6 800 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც სტუდენტების საერთო რაოდენობის 27%-ს შეადგენს. 2022 წელს ჰარვარდში ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩინეთიდან იყო.
Fox News-ის გადაცემაში, "The Story with Martha MacCallum", კრისტი ნოემმა კითხვაზე, განიხილავს თუ არა მსგავს ნაბიჯებს სხვა უნივერსიტეტების მიმართაც, უპასუხა: "რა თქმა უნდა, განვიხილავთ. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველა სხვა უნივერსიტეტისთვის - მოეგეთ გონს".
მანამდე, ტრამპმა ჰარვარდს $3 მილიარდამდე ოდენობის ფედერალური გრანტები შეუჩერა, რის გამოც უნივერსიტეტმა საქმე სასამართლოში შეიტანა.
საგანმანათლებლო დაწესებულების თანახმად, დაფინანსების გაყინვა "უსამართლო და კაპრიზულია" და კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლების უფლებებსა და სამოქალაქო უფლებების აქტის მეექვსე მუხლის კანონით გათვალისწინებულ დებულებებს არღვევს.
"მთავრობას არ დაუსახელებია და ვერ დაასახელებს რაიმე რაციონალურ კავშირს ანტისემიტიზმზე შეშფოთებებსა და მთავრობის მიერ გაყინულ სამედიცინო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სხვა სახის კვლევებს შორის, რომლებიც ამერიკული სიცოცხლეების გადარჩენას, ამერიკული წარმატების ხელშეწყობას, ამერიკის უსაფრთხოების დაცვასა და ამერიკის, როგორც ინოვაციის მხრივ გლობალური ლიდერის, პოზიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად", - წერია საჩივარში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


