მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების აღდგენა დაავალა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, აღადგინოს ის 12 მილიონი დოლარი, რომელიც კონგრესმა „რადიო თავისუფლების“ დაფინანსებისთვის გამოყო. ეს გადაწყვეტილება მედია ორგანიზაციის შესაძლო დახურვას ეხება — რისკი, რომელიც მას 75-წლიან ისტორიაში პირველად ემუქრება.
ლამბერტმა დროებითი შეზღუდვის ორდერი გასცა, რაც გულისხმობს, რომ აშშ-ის გლობალური მედიასაშუალებების სააგენტომ რადიო თავისუფლებას მიმდინარე წლის აპრილის დაფინანსება უნდა გადაურიცხოს, სანამ საქმე სრულად არ გადაწყდება. მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ცალმხრივად გააუქმოს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება.
„ამ გადაწყვეტილებით მე ვასრულებ ჩემს მცირე, მაგრამ კონსტიტუციურად მნიშვნელოვან როლს — იმ სისტემაში, რომელიც აშშ-ს ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისუფლებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ აქცევდა“, — დაწერა ლამბერტმა გადაწყვეტილებაში.
მოსამართლემ ასევე გააკრიტიკა აღმასრულებელი ხელისუფლების მცდელობები, რომ თავად განსაზღვროს მედია ორგანიზაციების მუშაობა და დაარღვიოს ძალაუფლებათა განაწილების პრინციპი.
„რადიო თავისუფლების“ ადვოკატების თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ თითქმის ყველა კონტრაქტი გააუქმა ფრილანს ჟურნალისტებთან, ვერ მოახერხა ქირის გადახდა და 122 თანამშრომელი დროებით გაათავისუფლა. თუ დაფინანსება არ აღდგება, 1 მაისიდან დაგეგმილია მეტი თანამშრომლის დათხოვნა და საკვანძო საინფორმაციო გადაცემების შეწყვეტა. ივნისში, ორგანიზაცია თითქმის სრულად შეაჩერებს ოპერაციებს.
ადმინისტრაციის იურისტები კი ამტკიცებენ, რომ საქმე საკონტრაქტო დავაა და ფედერალურ პრეტენზიათა სასამართლოს ეკუთვნის, არა ამ მოსამართლეს.
„რადიო თავისუფლება“ ცივი ომის პერიოდში დაარსდა და დღეს 27 ენაზე გადასცემს პროგრამებს 23 ქვეყანაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთში. მისი სათაო ოფისი ვაშინგტონშია, ხოლო რედაქციის ცენტრი — ჩეხეთში.
ტრამპის ადმინისტრაციამ მსგავსი ბედი მოარგო სხვა სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერ მედიებსაც, მათ შორის „ამერიკის ხმას“. თუმცა, 22 აპრილს ლამბერტმა შეაჩერა ამ მედიის საქმიანობის გაუქმების მცდელობაც და დაასკვნა, რომ ეს მცდელობა უკანონო იყო.
„თუ გვინდა, რომ ჩვენი ერი კიდევ 250 წელი დარჩეს წარმატებული, სამივე ხელისუფლების შტომ — საკანონმდებლომ, აღმასრულებელმა და სასამართლომ — უნდა შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება და პასუხისმგებლობა“, — აღნიშნა ლამბერტმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


