დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 22 დეკემბერი
წლის 359-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 9 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მუცლადღება ანნასაგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. ხსენება წმიდა წინასწარმეტყველ ანნასი, სამუელ წინასწარმეტყველის დედისა; მღვდელმთავარ სოფრონისა, კვიპროსის მთავარეპისკოპოსისა; ღირსი მამის სტეფანე ახლადმბრწყინვალისა.
წმიდა წინასწარმეტყველი ანა, დედა სამუელ წინასწარმეტყველისა, ელკანზე იყო დაქორწინებული და დიდხანს შვილი არ უჩნდებოდა. ამის გამო ელკანმა სხვა ცოლი მოიყვანა. წმიდა ანნა დიდი მწუხარებით იყო აღსავსე უბედურების გამო და ღმერთს შვილის გაჩენას ევედრებოდა.
ერთხელ, როდესაც ანნა მგზნებარედ ლოცულობდა ტაძარში, მღვდელმსახურმა ილიამ იფიქრა, რომ იგი მთვრალი იყო და საყვედურით მიმართა ამის გამო. მაგრამ წმიდა დედამ მდაბლად აუწყა თავისი გასაჭირი და მღვდელმსახურისგან ლოცვა-კურთხევა მიიღო. მალე წმიდა ანნამ მუცლად იღო და შვა ძე, რომელსაც სამუელი უწოდეს, რაც ებრაულ ენაზე „ღვთისაგან გამოთხოვნილს“ ნიშნავს.
წმიდა მღვდელმთავარი სოფრონი, მთავარეპისკოპოსი კვიპროსისა დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, ღვთისმშოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი ბევრ საერო მეცნიერებებს სწავლობდა. მომავალი მღვდელმთავარი იმდენად წარემატებოდა კეთილმსახურებასა და ქველის საქმეთა აღსრულებაში, რომ ადრევე გახდა ღირსი უფლის მიერ საკვირველმოქმედების მადლის მიღებისა. კვიპროსის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ახალ მღვდელმთავრად წმიდა სოფრონი აირჩიეს.
ღირსი მამა სტეფანე ახლადმბრწყინვალე კონსტანტინოპოლში დაიბადა და კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. პატრიარქ მეთოდეს დროს იგი ბერად აღიკვეცა და დედაქალაქის ერთ-ერთ ეკლესიაში შეირაცხა სამღვდელო მოდასეთა შორის. შემდეგ სტეფანემ განმხოლოებული ცხოვრება დაიწყო და 50 წლის განმავლობაში განამრავლებდა ასკეტურ ღვაწლს. ღირსი სტეფანე მშვიდობით აღესრულა 912 წელს.
დაიბადნენ:
1702 — ჟან ლიოტარი, შვეიცარიელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1789 წელს.
1823 — ჟან ანრი ფაბრი, ფრანგი მწერალი, ენტომოლოგი. გარდაიცვალა 1915 წელს.
1858 — ჯაკომო პუჩინი, იტალიელი კომპოზიტორი.
1872 — კამილ ჰერენი, ფრანგი მეცნიერი. გარდაიცვალა 1961 წელს.
1905 — პიერ ბრასერი, ფრანგი მსახიობი. გარდაიცვალა 1972 წელს.
1910 — აკაკი გაწერელია, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. გარდაიცვალა 1992 წელს.
1934 — ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
გარდაიცვალნენ:
861 — გრიგოლ ხანძთელი, გამოჩენილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.
1880 — ჯორჯ ელიოტი, ინგლისელი მწერალი.
1893 _ ალექსანდრე ყაზბეგი, მწერალი.
1989 — სამუელ ბეკეტი, ირლანდიელი პროზაიკოსი და დრამატურგი. მას მსოფლიო აღიარება მოუტანა პირველმა პიესამ „გოდოს მოლოდინში“.
მოვლენები:
1808 წელი — ვენაში პირველად შესრულდა ბეთჰოვენის V და VI სიმფონიები.
1857 წელი — რუსეთში ხმარებაში გამოვიდა საფოსტო მარკა, რომლის ღირებულებაც 10 კაპიკი იყო.
1894 წელი — ალფრედ დრეიფუსი, რომელიც სამხედრო საიდუმლოებების გაცემაში დაადანაშაულეს, ეშმაკის კუნძულზე გადაასახლეს.
1895 წელი — გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ რენტგენმა გააკეთა თავისი ცოლის ხელის პირველი რენტგენოგრამა.
1907 წელი — ანა პავლოვამ პირველად შეასრულა მომაკვდავი გედის ცეკვა სენ-სანსის მუსიკაზე, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა.
1931 წელი — ვატიკანის ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. დაახლოებით 15 ათასი წიგნი განადგურდა.
1989 წელი — რუმინეთში ოპოზიციურმა ძალებმა ჩაუშესკუს რეჟიმი დაამხეს.
1991 წელი — თბილისში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, ხოლო ორი კვირის შემდეგ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თბილისი დატოვა.


