მოზაიკა
დღეს დიმიტრი შევარდნაძის დაბადების დღეა!
1885 წლის 1 დეკემბერს დაიბადა ცნობილი ქართველი ფერმწერი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი შევარდნაძე.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, დიდია დიმიტრი შევარდნაძის წვლილი ქართული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 1920 წელს, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით, თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა, რომელიც მალევე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერად იქცა. მის მიერ შემუშავებული უკიდურესად ეფექტური კონცეფციის წყალობით, 1920-1933 წლებში გალერეის კოლექციები შეივსო უმნიშვნელოვანესი ბიბლიოგრაფიული რარიტეტებით, ქართული და ევროპული მხატვრობის ნიმუშებით, აღმოსავლური მხატვრობისა და მინიატურის უნიკალური კოლექციით, ასევე ანტიკვარული ავეჯის, ჭურჭლისა და ხალიჩების უიშვიათესი ნიმუშებით. სწორედ დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების უმდიდრესი სამუზეუმო კოლექციის შექმნა - ,,მე საქართველოში ქართული ლუვრი უნდა დავაარსო“ - ამბობდა ის.
დიმიტრი შევარდნაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსებაში; იგი იყო მუზეუმ „მეტეხის“ მოამაგე და პირველი დირექტორი; ატარებდა უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ექსპედიციებს შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების შესასწავლად; მისი შექმნილია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფულის ერთეულისა და საფოსტო მარკების ესკიზები, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გერბი. მრავალმხრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, იგი აქტიურად მუშაობდა ფერწერაში, გრაფიკაში, თეატრისა და კინოს მხატვრობაში.
1937 წლის 10 ივნისს დიმიტრი შევარდნაძე „ხალხის მტრის“ ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ათწლეულების მანძილზე მისი სახელს ტაბუ ედო, მხოლოდ 1960-იანი წლების მიწურულიდან გაბედეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა ქართული კულტურის წინაშე დიმიტრი შევარდნაძის უდიდესი დამსახურების ხაზგასმა. 2012 წელს, რენოვაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეას დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭა.
ფოტოზე: დიმიტრი შევარდნაძე. ავტოპორტრეტი. 1910. ტილო. ზეთი. 42x35. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


